Mon cher

მონ ჩერ, პირველი თოვლია,
თორემ არაფერს ვიტყოდი.
ნაფეხურების სქოლიოს,
უმისამართო ბილიკებს,
ვურთავ ნაბიჯით ვივაჩე
და რადგან ლექსად ითხოვდი -
მონ ჩერ, ტფილისი თოვაში,
ეს უკვე არის ლირიკა.
მონ ჩერ, თოვაში პარიზიც
მშვენიერია, რესპექტი
შენს ზღაპარს, მაგრამ რა იცი
შენ ჩემი ზღაპრის, მონ ამი? -
გასდევს სიცოცხლის ხაზივით
თეთრ ხელისგულზე პროსპექტი
ღამეს, რომელიც ნაზია,
როგორც ფრანგული სუნამო.
მონ ჩერ, პირველი თოვლია,
თორემ არაფერს ვიტყოდი