მივდივარ მარუხს, მივდივარ კრწანისს ..


მივდივარ მარუხს, მივდივარ კრწანისს,
მე ყველა გოჯი ამ მიწის მერწყმის,
დრო არის ხმალთა კვეთების წამის,
დრო არის ციხე-სიმაგრის ძერწვის.
დადექი ქარში, დადექი ზღურბლზე,
ქართული გენის შეაღე კარი,
მე სინდისივით დავიწერ შუბლზე
დროშას, რომელიც ცას ავაკარი.
მომაქვს სხეული _ სამსხვერპლო ნერვი,
მომაქვს ღაღადი ქვისა და მიწის,
ჩემი წინაპრის ავსილი ქვევრი
ჯერ არდაღვრილი სისხლივით იწვის.
დრო არის ბუკის, დრო არ მაქვს ქნარის,
უზანგდაწყვეტილ ცხენების დროა,
ავლესე ჯიშის ქართული ხმალი,
გავთელე ფლოქვით ურდოთა გროვა.
მივდივარ მარუხს, მივდივარ კრწანისს,
მე ყველა გოჯი ამ მიწის მერწყმის,
დრო არის ხმალთა კვეთების წამის,
დრო არის ციხე-სიმაგრის ძერწვის.

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი