ავთანდილ ღოღობერიძეს

გაგვიძეხ, ბერო მინდიავ...
ხ ა ლ ხ უ რ ი

მიჰქრიან წლები... შორიდან გიმზერ..
შენს შავ ქოჩორსაც ფიფქი მოედო,
ვბედებით, მაგრამ გული არ გვიძლებს -
მე უსიმღეროდ,
შენ - უმოედნოდ!

ვინ იცის, იქნებ შენს ბიჭობაში
შენც წერდი ლექსებს, ისე ვით ყველა, -
ისე ვით ყველა, ქართველი ბავშვი
ლექსებით იწყებს თვალის გახელას.

თუმცა იყავი ბურთის მაყარი,
ოცნებას ლექსზე ფიქრიც ერია,
და ერთი ღამის ნაეშმაკარი
სატროფსთვის მაინც მიგიწერია!

მაინც რა არის აქ საოცარი,
ან სათაკილო, ან საკვირველი -
ტოლებში უკვე მერქვა მგოსანი,
თან ფეხბურთელი ვიყავ პირველი!

გაგიჟებამდე მეც ვიყავ ბურთის
ეშხით დამწვარი, ეშხით ჩაგრული,
ახლაც ბევრს ახსოვს არაგვის გუნდი,
ჩემი დრიბლინგი და... ავჭალური!

ახლაც რამდენჯერ მომაგონდება
ჩვენი ანგლობა, ჩვენი ღლაბუცი,
წაგების შემდეგ ცრემლი, გოდება,
შინ დაბრუნება დაბრეცილ ბუცით.

მახსოვს ძველი დრო, მახსოვს დურუჯი...
შემდეგ ახალი, არც ისე შორი,
ხალხის ძახილში, ხალხის გუგუნში
ისმოდა ჩემიც: გაფრინდი, ბორის

ვიწრო ქუჩები, თბილისის მზეში,
უბნები უბნებს, შუკები შუკებს,
ხან მთაწმინდაზე, ხან დიდუბეში
ვეჯიბრებოდით ჩვენს სიჭაბუკეს...

მაგრამ, ეჰ, ბედმა არ გამიმართლა,
ვერ მოვესწარი ტაშსა და ქუხილს,
სახელი ქვეყნად არ გამივარდა,
არ დამებედა მინდიას მუხლი.

არ დამებედა ფეხბურთელ მგოსანს
მუხლები მარდი და ღონიერი,
ეროსის რისხვა, მისი დალოცვა,
მისი ძახილი: დარტყმა ძლიერი!

მისი ძახილი: - გაიჭრა, ბასა! -
მხოლოდ შენ გერგო, მხოლოდ შენია,
ბურთი ნაშოვნი სიცოცხლის ფასად
და მოედანიც შენ დაგრჩენია!

შენ მწვრთნელად გყავდა ბერი მინდია,
მიტომაც მუხლი გამოგყვა მგლისა,
მეც მწვრთნელად მყავდა ბერი მინდია,
მაწვალებს მადლი მისი სიბრძნისა.

წავიდეთ, ვთხოვოთ ჩვენს დიდ ნათლიას
გაგვიძღვეს, დიდხანს ნუ დაგვაღონებს,
მე ნუ მომაკლებს სიტყვას მადლიანს,
შენ ნუ წაგართმევს მუხლში ძალ-ღონეს.

თორემ მუხთალმა ჟამმა გაგვისწრო -
ბიჭო,შენს ქოჩორს ფიფქი მოედო,
ვბერდებით, გულმა როგორ გაგვიძლოს
მე - უსიმღეროდ,
შენ - უმოედნოდ?!