0 215

გვიანი ყვავილები


შენ ვიღაც გიყვარს... მაგ დიდ თვალებში
მისი თვალები მე დავინახე,
შენ მისთვის გინდა შენი ალერსი,
შენი ღიმილი და შენი სახე...
შენ ვიღაც გიყვარს, ეს კარგად ვიცი,
და ვიცი, თვალსაც მიტომ მარიდებ,
მისთვის ინახავ მშვენიერ სიცილს
და ხელთათმანში დამალულ თვალებს.

შენ ვიღაც გიყვარს... ოცნებით უმზერ,
ეს კარგად ვიცი, სხვაც ვიცი კიდევ:
მისთვის ინახავ მშვენიერ ტუჩებს,
დაბრეცილ, მაგრამ ვნებიან კბილებს.
შენ გეშინია ჩემს გვერდით გავლის,
ჩემთან საუბრის, ჩემი შეხვედრის.
და გვიან მივხვდი: პატარა ქალო
ყოფილა ვიღაც უცნობის ხვედრი!

მეგონა, აღარ მოგწერდი წერილს,
მეგონა, მაგრამ მაინც მოგწერე.

* * *

დღეს არ მოვედი. არ გამახსენდი.
არ ვიცი, რატომ არ გამახსენდი.
ისე გათენდა, ისე დაღამდა,
არ გამახსენდი და რაღაც მაკლდა.

მე დავდიოდი,
ვფიქრობდი,
ვგრძნობდი,
ვერ ვიხსენებდი და რაღაც მაკლდა.
არ გამახსენდა, რომ შენ არსებობ
შენი სიცილით, შენი თვალებით,
შენი ცრემლებით, დამალულ სევდით,
ღიმილში ცუდად დამალულ სევდით...

იქნებ გათავდა,
ქინებ არც იყო,
იქნები იყო და მე ვერ გავიგე.
ვიპოვე რაღაც დიდი და კარგი,
ვიპოვე რაღაც და ისევ ვკარგავ.

მე დავდიოდი და რაღაც მაკლდა,
ვერ ვიხსენებდი და რაღაც მაკლდა.
ვფიქრობდი, ვწერდი და რაღაც მაკლდა.
დღეს არ მიყვარდა და შემეშინდა.

* * *

მე მივდიოდი უცნობი ქუჩით,
იყო კვირად დღე, მზე ჩადიოდა.
მზე ჩადიოდა რაღაც საოცრად,
მე ხელს ვუქნევდი და ჩადიოდა.

მე მივდიოდი უცნობი ქუჩით,
იყო მაისი, იყო კვირა დღე,
და უცებ მივხვდი, რა მცირე გზაა
სიყვარულიდან სიძულვილამდე.

მზე ჩადიოდა რაღაც საოცრად,
რაღაც საოცრად გული მტკიოდა,
მე ხელს ვუქნევდი,
შევთხოვდი მოცდად,
მე ხელს ვუქნევდი და ჩადიოდა.

აღარ მიყვარდი და ვიყავ მშვიდად,
და მიხაროდა, რომ არ მიყვარდი,
და მიხაროდა, რომ უშენოდაც
ვფიქრობდი, ვგრძნობდი და მიხაროდა.

* * *

ქუჩაში თბილი აპრილის დღეა,
სული კვამლივით მაღლდება ცამდე,
მე ისევ ვმღერი, გული მაქვს ღია,
მინდა მიყვარდეს და მინდა მწამდეს.
მინდა მიყვარდეს, როგორც ოდესღაც,
სანამ ვიგრძნობდი სუსხიან ზამთარსმ
მინდა მიყვარდეს და მწამდეს დღესაც,
როგორც მიყვარდა და როგორც მწამდა.

და მიხარია, რომ შენ დაბადე
ეს ლექსი,
ეს დღე,
ფერები ზღაპრის,
ის პარასკევი, ეს ორშაბათი,
რომელიც სხვისთვის უნდოდა აპრილს.

დღეს აღარ ვფიქრობ, რომ ვიღაც გიყვარს,
სული კვამლივით მაღლდება ცამდე,
და მენატრები... ისევ კარგი ხარ.
მინდა მიყვარდე და მინდა მწამდე!
კომენტარები (0)