0 88

გმირის სურათთან


მისი დაღუპვა სამშობლოში არავის სჯერა,
არ სჯერა ამ სახლს,
ეზოს, ბუჩქებს, მშობლიურ სერებს,
და მოხუც დედას -
რომ ჩასძახოდა ყურში ასჯერაც, -
ქართველი დედა
გმირის სიკვდილს ვერ დაიჯერბს.

ხანდახან ეჭვი -
საშინელი, ვით ბნელი ტყვია,
გულს დაეხლება
და ბურუსი გახდება ცხადი,
მაშინ გამშრალი ძუძუები უარს იტყვიან,
იმედის სხივი ადგება და ოთახში დადის...

ფხიზლდება დედა
და იმედი ეჭვის ჩრდილს წაშლის,
ის ვაჟკაცია,
არ მოკვდება... არც უნდა ქება,
დარიალიდან
არწივივით აფრინდა ცაში
და ახლაც, იქნებ,
მტრის ურდოებს მიერეკება.

ის იღიმება...
მას მჩქეფარე სიცოცხლე სურდა,
ახლაც მოილტვის
ამქვეყნიურ გუგუნისადმი,
და ეს ღიმილი
მის ბაგეებს შერჩება მუდამ,
აწ და მარადის,
უკუნითი უკუნისამდის.
კომენტარები (0)