გურამიშვილის საფლავზე


... ამ ორ მონასტერს მაქვნდა ალაგი,
სასაფლაო და ძვალთა-შასალაგი...
- ახლა მობრძანდი, მნახველო, მნახე,
მისდა სანუფქოდ სად დავიმარხე...

შიო მღვიმის და ზედაზნის ქედებს,
მტკვრის და არაგვის გადმოსახედებს,
ბებერი მცხეთის ხრიოკს და ედემს, '
სვეტიცხოვლიდან აფრენილ მტრედებს,
ქსნის და მუხრანის ლურჯ იალაღებს,
გურამიანთა ძვალშესალაგებს -
ის ახსნებდა...
ვეღარ ეღირსა,
ერგო ეს მიწა სანუფქოდ მისად...

ერგო ეს ზეცა ვრცელი ზღვასავით,
მისი მზე, მთვარე, მისი ვარსკვლავი
ბრმას და ხეიბარს თავს დანათოდა.
ამ ვარსკვლავების შუქი ათოვდა,
მაინც ერთ მუჭა მიწას დარდობდა,
ლეჩაქისხელა ზეცას ნატრობდა...
ნატრობდა ბნელში აუნთებ ტაბლას,
საქართველოში გაუთხრეს საფლავს,
ზედაზნის ტყეში გაუთლელ ფიცარს,
ჩოხის მასრებზე დაუყრელ მიწას...

* * *

შენს წინ დაჩოქილთ გვისმინე, დავით,
კეთილის სმენად მოგვაპყრო ყური,
მოგვაპყარო თვალი, ბნელში მხედავი,
ისმინე,
ახდა შენი ნატრული:
ქართლში ბრიალებს ცეცხლი უკვდავი,
ისევ ხურს თონე მამაპაპური,
შენს სამარესთან
მუხლს ვიყრით, დავით,
გაზრდილნი შენი ლექსების პურით.

მიიღე, მოგვაქვს სანუფქოდ მისად
შიო მღვიმის და ზედაზნის მიწა,
ამას ნატრობდა, ობლად მდებარო,
აჰა, დღეიდან გულზე გეყაროს!

გწვავდეს,
გათბობდეს,
მოგაგონებდეს
შენი სამშობლოს ხრიოკს და ედემს,
მტკვრის და არაგვის გადმოსახედებს,
შიო მღვიმის და სედაზნის ქედებს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი