0 135

დედის ეზოში


ისევ აქა ვარ, დედის ეზოში...
ქვიტკირის სახლი, ქვიტკირის კიბე,
ფეხზე მაცვია ზურმუხტის ქოში,
მომინდება და, ბაღში ჩავირბენ.

მომინდება და, მთასაც გადავალ,
ეგებ სატაცურს წავაწყდე სადმე,
ეზოში ჰყვავის ნაცარქათამა,
დედა აპურებს ნაცარა ქათმებს.

ისევ ბალღი ვარ....
მივფრინავ ცაში,
შორეულ ღრუბელს აქლემს ვადარებ,
მომეწონება... ვჩურჩულებ, წავშლი..
საყვარელ ლქსებს ჯიბით ვატარებ.

ვარ ორი თხის და ბოჭოლას მწყემსი,
თავთუხის ულო წელზე მარტყია,
ძეძვის ბუჩქიდან სტვენა მომესმის...
მე რომ დავდევდი, ეს ის ბარტყია.

ეს ის წნელია, მე რომ დავგრიხე
და ჩავაწანი დაბრეცილ ღობეს,
შორს ასწლოვანი მოჩანს კაკლის ხე,
მიაგავს ჩემი ბავშვობის მთხრობელს.

გახარებულა ხნიერი ვაზი,
რქებით ხარდანზე გადაწვენილა,
აცრემლებულა მეტი სინაზით...
ცრემლი კი არა, მიწის წვენია.

ამ მიწის წვენმა მე ამამღერა,
როგორც ჭალებში ასკილის სტივრი.
პატარა ეზო, ზეცა ამხელა..
მიხარია და ვაზივით ვტირი.
კომენტარები (0)