0 54

ლექსის მარილი


მე მარილეთში გულაღმა ვწევარ,
ჩამქრალ თვალებით შევყურებ ზეცას...
არ დავიშალე, წაველ აღზევანს
და მარილეთი სამარედ მექცა.

მოდით, დამხედეთ, უხსოვარ დროში
ზეცამ მიმუხთლა, ბედმა მიშარა,
დედამ მიშალა, მამამ მიშალა,
მაგრამ ამ გულმა არ დაიშალა.

ო, ძლიერ აკლდა ამ გულს მარილი,
გულმაც იმიტომ არ დაიშალა,
ავდექ, შევაბი ნიშა ხარები,
თვალწინ უდაბნო გადაიშალა.

აბა რა მექნა, მაკლდა მარილი
და ჩავბღაოდი მიწას ხარივით.
ჩემს ნიშა ხარსაც აკლდა მარილი,
გიჟურ ბღავილით ლოკავდა მიწას,
თავშავა ცხვარსაც აკლდა მარილი,
ისიც ბღავილით ლოკავდა მიწას,

დედის ძუძუებს აკლდა მარილი,
ძუძუთა ბავშვებს აკლდა მარილი,
ოჯახის ფუძეს აკლდა მარილი,
ქალწულთა ლოყებს აკლდა მარილი,
დიაცის ცრემლებს აკლდა მარილი.
ნაცრიან ხმიადს აკლდა მარილი...
მარილი აკლდა ზეცას და მიწას,
აღზევანს წასვლა ოცნებად იქცა.

წაველ და წაველ, არ დავიშალე,
წინ გაიშალა გზა სიზმარივით,
მიშლეს, მაგრამ არ დავიშალე,
რადგან სიმღერას აკლდა მარილი.

ჰოდა, ამ გულმა არ დაიშალა,
მოველ და როცა ბედს მოველოდი,
კლდე ჩამოიქცა, ბედმა მიშარა,
ზედ დამაწოლა მარილის ლოდი.

დავმიწდი, ღორღი ზედ დამეყარა,
ზედ ჩამომექცა მთელი ქვეყანა...
ფეხის თითებმა ბორჯი გაიდგა,
ტოტი იყარა, იქცა ფესვებად,
მიწაში იყო მარილის წოვა,
მერე მარილი იქცა ლექსებად.

ლურჯი მარილი იქცა ლექსებად,
ღიღინით ვიწყე ღამის თევანი.
ხელის თითებმაც დაიყვავილა,
ცას გაუწოდა თეთრი მტევანი.

თვალში ჩამიდგა ყვავილის შუქი,
ხან ჩავიწვები, ხან ავინთები,
ვხედავ, გაცოცხლდნენ ჩემი თვალები,
შინ გამოფრინდნენ როგორც გვრიტები.

გასწით, გაფრინდით, ჩემო გვრიტებო,
ქართლში დავტოვე ოჯახი ობლად,
გაფრინდით, ცხრა მთა გადაიარეთ,
კეთილის მაცნედ და მახარობლად.

დედას უთხარით, დედას დამწვარსა,
თვალებს ნუ იტკენს, ბევრს ნუ იტირებს,
ბედმა მიშარა, ბედმა დამთარსა,
მე მოვკვდი, მაგრამ ლექსად ვიდინე!
კომენტარები (0)