მეც მესხი ვიყავ..


მეც მესხი ვიყავ, განთქმული
მარჯვენით, ხმლით და ნაბადით,
ფესვი იქა მაქვს გადგმული,
გახლავართ იქ დანაბადი.

ლხინში მოლხენა ვიცოდი,
ჯამებზე ჯამის ჯახება,
მხედრულის შემოძახება,
შებმა და შეჯავახება!

ვერ დავრჩი ხელშეუხები:
მომწვდა ხონთქარის ჭანგები,
ფხრიწა მესხური ნუსხები,
მიმსხვრია ტკბილი ჩანგები.

ცეცხლით გადამწვარ მიწაზე
ბარბაცით გზას მოვიკვლევდი,
მტრის ჩეხვით გამოვიტაცე
შატბერდს ნაწერი წიგნები...

თქვენ წინ დაჭრილი დავეცი,
თქვენი ალერსი მეღირსა,
ვიძინე... მუხლისთავებზე
წამოვდექ, გამომეღვიძა.

განა სამდურავს გავბედავ,
თუმც ბედად მე დამებედა:
მტერთა სიმრავლე შავბედად
და სიყვარული მეფეთა...

აქა ვარ, მაგრამ ის მიწა
ისევ მეძახის, მიმელის!
მე თქვენი სისხლის, მისხის ვარ,
ძმა ამერის და იმერის...

წამოდით, წინ წაგიძღვებით,
მე დროშის ჭერა მიყვარდა,
ჩანგის კვრა, მკლავი მრისხველი,
მესხობა მით გამიგვარდა!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი