0 216

მზე, მთვარე და ქარი


"ნათელმა მთვარემ ბრძანა,
ბევრით მე ვჯობივარ მზესა"...
ხ ა ლ ხ უ რ ი

ერთხელ თურმე, უხსოვარ დროს,
ბადრი მთვარე გადიდგულდა,
არ დასჯერდა სამთვარიოს,
სამზეოში შესვლა სურდა,
გაივსო და გაიბღინძა,
შემოევლო ცეცხლის შუქი,
დააშინა ვარსკვლავები
ტრაბახით და ბაქიბუქით.
გასიებულ დევკაცს ჰგავდა
ცის ფარდაგზე ჩამომჯდარი,
დაიძახა, დაიქუხა,
დაიბარა სწრაფი ქარი.
უთხრა: "წადი სამზეოში,
მზესთან მიდი ამ ბარათით,
დინჯად იყავ, არ დაუწყო
მას ზედმეტი ლაპარაკი...
გაფრინდი და მიუტანე,
არავინ შენზე ჩქარი,
დე, იცოდეს, ომს ვუცხადებ,
შეყრილი მყავს უკვე ჯარი!"

განრისხებულ მბრძანებლის წინ
თავდახრითდგას, უსმენს ქარი,
ეშმაკი და შემპარავი,
ხუმარა და ენამწარი.
ცახცახებენ ვარსკვლავები,
კრინტის დაძვრას ვერვინ ბედავს,
ჩაიცინებს ჩუმად ქარი,
თავს ასწევს და გზას გახედავს.
მთვარეს თვალს ვერ გაუსწორებს,
სიტყვას ამბობს მორიდებით:
"ნუ ინებებთ სისხლის დაღვრას,
უომრადაც მორიგდებით.
ნუ იკადრებ, შუქმოსილო,
ნუ შეებმი სისხლის დროშით,
შენ განაგებ სამთავრიოს,
ის მბრძანებლობს სამზეოში!"

გაჯავრდება ბადრი მთვარე,
შეირყევა რისხვით ტახტი,
ქარს შერისხავს განრისხებით,
ზურგს აუწევს ელვის ლახტით.
შავ ღრუბლებში მინაბულებს
ვარსკვლავთ სუნთქვაც ემძიმებათ...
სწრაფად მიჰქრის მზისკენ ქარი
და თან გულში ეცინებ:
"რის იმედით, რომელ ჯარით,
იქნებ სჯერა ფუყე ღრუბლის,
ვარსკვლავებით მოაქვს თავი,
თუ ბნელეთის შავი შუბლით?
იქნებ ჩემი იმედი აქვს? -
ჩაიცინებს ენამწარე -
ზენა მხარეს გაგზავნილი,
წამ გავჩნდები ქვენა მხარეს!
ახლავ გავწევ სულ სხვა მხარეს...
თუმც ამ ომით მე რას ვკარგავ,
გვიცინებ, როცა მთვარეს
დამარცხებულს დავინახვ!"

მიჰქრის, მიჰქრის მზისკენ ქარი
და სამზეოც ახლოვდება,
დაბრუნებას აღარ ფიქრობს,
თან ჩურჩულებს: რა მოხდება?

ჰა, საზღვარიც... გული უცემს,
ოფლი მოსდის ცბიერ დესპანს,
შეჩერდება, ეს რა ხმაა,
რა ძახილი შემოესმა?

მუქარით და განრისხებით
წინ გაუდგნენ დარაჯები,
მაგრამ იცნეს ბარათით და
მთვარის ელჩის ყავარჯენით...
გზა დაუთმეს, გააცილეს,
მიგრიალებს, მიჰქრის ქარი,
გაბრწყინდა და გამოშუქდა
სამზეოდან მზის ჭიშკარი.

ზის სამზეოს მბრძანებელი
გაშუქებულ სამზეოში,
თავზე დასდის ოქროს წვიმა,
ფეხთ აცვია ოქროს ქოში.
გადასცქერის მზის ქვეყანას,
ელვას აფრქვევს მისი თვალი,
მოქარგულა მისი მკერდი
ზურმუხტით და ტურფა თვალით,
სასაუბროდ, საჩრდილობლად
თავზე ადგას ცისარტყელა,
მზეს შესცინის, გაუღიმებ,
აშუქებს და თვითაც ელავს...

წელში ტყდება, შფოთავს ქარი
მუხლმოდრეკით მზის წინ მდგარი
იცის, მეფის სურვილს მოსდევს
ხან დარი და ხან ავდარი.
ჰკადრებს: "მზეო, გაგიბედავ,
მოხიბულული თქვენი მზერით,
აქ სამოყვროდ არ მოვსულვარ,
თუმც არა ვარ თქვენი მტერი.
ჰა, ბარათი, წაიკითხეთ,
რას გიბედავთ ბადრი მთვარე,
ჩამქრალი და უსიცოცხლო,
თვალმიბჟუტვით ტახტს მჯდომარე.
დავუშალე, არ მიჯერბს,
ლახტიტ ცემა არ მაკმარა...
ნუ შემრისხავთ, ქვეყნად დავქრი
ჩემი ფრთების ანაბარა!"
იგრიხება, კვნესის ქარი,
გაოცებულ მზის წინ მდგარი,
იცის, მჯეფის სურვილს მოსდევს
ხან დარი და ხან ავდარი.
ყავრჯენზე ჩამოუცვამს
მოკრძალებით ჭრელი ქუდი,
სახეს ღიმი დასთამაშებს,
უცახცახებს გრძელი კუდი.

ჩაიკითხავს მთვარის უსტარს
მზე დაცინვით, გაღიმებით...
მზის წინ დგანან დიდებულნი
კრძალვით სიხვებდახრილები.
მერე იტყვის: "მითხარ, ქარო,
რომ გაგიწყრე, შენ რას გერჩი,
შუამავლად წამოსულხარ
სამზეოში მთვარის ელჩი,
ავი საქმე განუზრახავს
მბრძანბელს და ბატონ შენსას,
სურვებია სისხლის დაღვრა,
ვაება და ხალხის კვნესა,
მე მზადა ვარ... ჩემი ჯარი
ვაჟკაცურად მტერს მოელის,
გაიმარჯვებს მზის ქვეყანა,
დამარცხდება, ვიცი, ბნელი!"
სთქვა და სწრაფად ამოიღო
ჯიბით სარკე საოცარი,
ყელს იგრძელებს, იმზირება
იმ სარკეში ფრთხილად ქარი...
ხედავს, დაფით და ნაღარით
მოჰქრის ჯარი მთვარის ქვეყნით,
წინ მოუძღვნის თვითონ მთვარე
შუბლშეკვრიტ და განხრისხებით.
გადამჯდარი შავ ღრუბელზე,
აბრიალებს ელამ თვალებს,
ფერმილევით მოჩანჩალეს,
შემკრთალ ცისკარს უთვალთვალებს.
წინ მოუძღვის ღამის ელვა,
იქუხებს და ცეცხლს აკვესებს,
სამზეოში შეიჭრება,
საზღვრის მცველებს ააკვნესებს.

სახტად რჩება, შფოთავს ქარი,
თან საშინელ სურათს უმზერს,
მზე კი დინჯი, სხივმოსილი
იღიმება მტრის გუგუნზე.
გაიჭრება ცის ლაჟვარდზე,
თავის ლაშქარს გადაჰკივლებს,
ხელთ უპყრია ცეცხლის ფარი,
ცეცხლის ხმალზე ხელს გაივლებს.
მიდის ჯარი, უკან მისდევს
ფეხაწყობით, მორჩილებით,
შორის, უმზერს ფლიდი ქარი,
თვალზე ხელის მოჩრდილებით...
თან ჩურჩულებს: "ფრთხილად ქარო,
ფრთხილად ქარო, იყავ მარჯვედ,
ის შეამკე, ის ადიდე,
ვინც ბრძოლაში გაიმარჯვებს!
გაიმარჯვებს ქვენა მხარე -
თავს უწოდე ქვენაქარი,
გაიმარჯვებს ზენა მხარე -
თავს უწოდე ზენაქარი!"
მაგრამ იმას ყურს ვინ უგდებს,
თუ რას ამბობს გულში ქარი,
აგერ წყვდიადს შეეჯახა,
განრისხებით მზის ლაშქარი...
ბრძოლის ველზე ჯერ მზე არ ჩანს,
ის სამზეოს გალავანი,
თუმც ტრაბახით ხმალში იწვევს
სამთავრიოს ფალავანი,
მაღლობიდან უცქერს ბრძოლას
და გადამწყვეტ წუთებს ელის,
ჰა. გაჭირდა, ლამის ნათელს,
მპოერიოს ძალა ბნელი!

მაშინ კი მზე გულმოსული
მტრის ხმაურზე, მტრის ყიჟინზე,
თვითონ გადის ბრძოლის ველზე,
ძლიერ გულ-მკერდს გაიშიშვლებს,
ამოაფრქვეს პირით ხანძარს,
თვალით ისვრის ელვის სვეტებსს.
მტრისკენ სტყორცნის ცეცხლის ენებს,
მთვარის ლაშქარს დააფეთებს.

ზის მაღლობზე, უმზერს ქარი,
ოფლს იწმენდს და ჭკუას იკრებს,
ხედავს მთვარის დამარცხებას
და იხრება ისევ მზისკენ.
ეკარგება ძალა წყვდიადს,
ბრძოლის ველზე დგება შუქი,
ვარსკვლავები გაიფანტნენ,
მიწყდა ღრუბელთ ბაქი-ბუქი.
ხოლო მთვარე, ბადრი მთვარე,
უსხივო და თეთრი ფერის,
მზის წინ დგება თავდახრილი
და განაჩენს უხმოდ ელის...

დგას მზე ბრძოლით მოქანცული,
შემოკრებს, იწვევს რჩევას,
გადახედავს თავის ლაშქარს,
მიულოცავს გამარჯვებას.
მხარს უმშვენებს ცისარტყელა,
ზეცის ნაზი დედოფალი,
მზის სხივების ტკბილი დედა
და სამზეო ქვეყნის თვალი...

დინჯად იტყვის: "რადგან მტერმა
არ გვაცალა მოსვენება,
მე ვბრძანებ და ჩემი ქვეყნის
გამომჟღავნდეს ამით ნება -
აეკრძალოს წვრილ ვარსკვლავებს
ბადრი მთვარის სამსახური,
თითო წკეპლა მიაყოლეთ,
აუწიეთ ყველას ყური!
მათ უფროს დას - ლამაზ ცისკარს
სხვა სასჯელი გაუმზადეთ:
ჰკათ პანღური, უდროო დროს
ხეტიალი აუკრძალეთ!
არ შეუნდოთ ბებერ ღრუბლებს,
მათ აქვთ ძალა საშინელი,
ისეთი დღე დააყენეთ,
დასდიოდეთ მუდამ ცრემლი!
დამიჯერეთ, რადგან მთვარის
მორჯულება არ იქნება,
რაწამს შურით გადიდგულდეს,
გაიბღინძოს, იწყოს ვსება-
რომ სამზეოს ტურფა მხარეს
არ მიადგეს მისგან ვნება, -
დღეის იქით დაებედოს:
დამცირდეს და იწყოს კლება,
გახდეს, ჯავრით დაილიოს,
გამკითხველი არა ჰყავდეს,
ცეროდენა ბიჭუნების
სათამაშო ნამგალს ჰგავდეს!"

დგას სამზეოს მბრძანებელი,
დინჯად ამბობს, არ იჩქარის,
თქვენ გგონიათ, დაავიწყდა '
მას ეშმაკი, ფლიდი ქარი?
არა, მტრების ნამდვილ მსაჯულს,
აგონდება მტრის შიკრიკიც,
ღრუბლებს ტყუილად ეფარება,
აჰა, დგება მისი რიგი!

მზე იცინის: "აბა ნახეთ,
მთვარის ელჩის გრძელი კუდი,
კუდზე თავი გამობმია,
მიტომ ჰხურავს ორი ქუდი.
გაჭერით და გადააგდეთ,
ერთი იქაც ქვენაქარად,
კაცი ქვეყნად იმას ჰქვია,
ვინც ერთ სიტყვას მისდევს მარად...
ერთი იქცეს ქვენაქარად
და მეორე ზენაქარად!"

მუხლს იყრის და ევედრება,
პატიებას შესთხოვს ქარი,
მაგრამ მის წინ იხურება
სხივმოსილი მზის ჭიშკარი.

გაბრწყინებულ ცის დარბაზში,
მშვიდობის და ცეცხლის დროშით,
მიჰქრის დიდი მბრძანებელი,
დგას ლაჟვარდზე ოქროს ქოშით,
დგას მარადი სიხარული
თავისუფალ სამზეოში!
კომენტარები (0)