0 37

მშვიდობისა


ჩვენს პატარა დიასახლისს
ნაწნავები შვენის,
ზენაქარი მიეპარა,
ზენაქარი ჩვენი,
შეურხია ოქროს თმები -
მოსამკალი ყანა,
შავი ზღვის და ლურჯი მთების
სუნთქვით აღაღანა...

შემოჰქროლა და ნაწნავი
დაუტოლა ნაწნავს,
როგორც ვაზი გასასხლავი
სარს ააკრა კაცმა!

დარისაა, განა სეტყვის,
არ მოუძღვის ავდარს,
ლურჯ ჯეჯილებს ნანას ეტყვის,
დააპურებს თავთავს...

მე ასეთი ქარი მინდა,
განა ქარაშოტი,
შორს გრიგალი, მოვარდნილი
მუქარით და შფოთით,
რომ დააზრობს სამუდამოდ,
გახდიდ იავართა
ჩემს ეზოს და კარ-მიდამოს
ქცეულს ია-ვარდად.
ჩემს პატარა დიასახლისს
აუწეწავს ნაწნავს,
აყეფდება როგორც ძაღლი,
სახეს დაუკაწრავს.

გადაბუგავს ბაღ-ვენახებს,
აამტვერებს შარას,
ჩამოაქცევს ზეცის თაღებს,
ააბღავლებს ფარას....

არა, ჩემი ზენაქარი -
ქარი არა სეტყვის,
მწამს,
იქროლებს მშვიდობისად,
მინდვრებს ნანას ეტყვის,
ჩაუქროლებს მორიდებით
ვენახებს და ყანებს,
შავი ზღვის და თეთრი მთების
სუნთქვით აღაღანებს!
კომენტარები (0)