0 102

საკალმასო


გულმა როდის დაიყეფა
სულ პირველად,
აღარც მახსოვს,
მაგრამ გვიან გამოვედი
სიყვარულის საკალმასოდ!

სიჭაბუკემ რაც დამაკლო,
ბედმა ახლა მომიშვილდა,
მკრა ისარი, ამამღერა,
გულს ლექსები მომიშივდა.

აჰა, შენი საროჭიკო,
თავო ჩემო, შევერცხლილო,
მე რად მინდა სხვისი ვარდი,
ბულბულს რატომ შევეცილო?

აჰა, ჩემი საკალმასო,
ტრფობის კალო - საიგავო,
გული უნდა მოგაბარო,
ეგებ ლექსი გამიქარვო!

მითხრა რამე სამეგობრო,
გულით ლექსი დამიოქრო,
მე ისეთი ლექსი მინდა,
შენსკენ გზები დამიმოკლოს!

მე ისეთი კვესი მინდა,
ლექსის ყანწი დამივერცხლოს,
სიჭაბუკე დამიბრუნოს,
გული ისევ გამიმერცხლოს.

მე იმ კვესით ცეცხლს გავაჩენ
ჩემი გულის ნაფოტებზე,
გეტყვი, გეტყვი, ლექსებს გეტყვი, -
ღამით ძილში გაბოდებდეს.

მაგონდება შენი სახე...
მახსოვს, მახსოვს, აღარც მახსოვს.
ეს რა გვიან გამოვედი
სიყვარულის საკალმასოდ!
კომენტარები (0)