0 89

სამაია


მყავდა ერთი სიყრმის სწორი,
არჩეული სწორთაგანა.
სცადეს და ვერ გაგვარჩიეს,
ერთი ძუძუსმწოვთაგანა.

სცადეს მტრობის ჩამოგდება,
ერთმანეთის შეძულება,
უფრო მეტად შევიყვარეთ
ძმობის ეშხში შესულებმა.

ერთი ვინმე აგვემზავრა,
უმჯობესი ქალთაგანა,
მიდიოდა, ღიღინებდა
სამაია სამთაგანას:

"სამაია სამთაგანა,
არ იქნება ორთაგანა,
დამიტირონ თვალთა შენთა,
დავიმარხო სწორთაგანა".

მოგვხედავდა, ცეცხლს გვიჩენდა,
გვიღიმოდა ხანდახანა...
ოჰ, იმ ქალმა დაგვავიწყდა
ძმობის ფიცი თანდათანა;
ერთმანეთი შევიჯავრეთ,
დავდიოდით განდაგანა.

* * *

სად ხარ, ჩემო სიყრმის სწორო,
არჩეულო სწორთაგანა,
გახსოვს, რომ ვერ გაგვარჩიეს
ერთი ძუძუსმწოვთაგანა...

გაიხსენე ის წამები
უკეთესი წამთაგანა,
ნეტავ შენც თუ გახსენდება
ის გოგონა ხანდახანა,
ვის დაეცეს გულზე ცრემლი
მის მშვენიერ თვალთაგანა?

ან შენ სადხარ, ერთო ქალო,
უმჯობესო ქალთაგანა,
რად გაგვყარე სიყრმის სწორნი,
რად გვატარე განდაგანა?
...

სიყვარულის სამაია
არი იქნება სამთაგანა...
კომენტარები (0)