0 103

საქართველოს ცას


საქართველოს ცას თვალს ვერ ვაშორებ,
თუ მოვაშორებ, წამსვე მაჟრჟოლებს...

მე მისი ეშხით ვარ ნამეხარი,
ვარ მისი უღლის ალალი ხარი.

მე მისი ბუხრის ვარ ნაპერწკალი,
ფრთამოტეხილი მისთვის მერცხალი.

მე მიყვარს მისი აწმყოც და ხვალეც,
მე მისთვის გუშინ სისხლი დავღვარე.

მის ცას, მის მიწას თვალს ვერ ვაშორებ.
თუ მოვაშორებ, ავად მაჟრჟოლებს...

თუკი ავდარი მოავდრებია,
მისთვის სიკვდილიც მომნატრებია.

მე მისვამს მისი შხამიც და ღვინოც,
შხამი მტანჯავდ, ღვინო მათრობდა,
მაინც ვამბობდი ჩემს საღიღინოს,
მაინც ეს გული იმ შხამს ნატრობდა.

საქართველოს ცას თვალს ვერ ვაშორებ,
თუ მოვაშორებ, წამსვე მაჟრჟოლებს.

მის ქვეშ აგია ჩემი ჭილობი,
ზედ დამდის სისხლი მისი ჭრილობის!...
სამშობლოს, დედას მას ეძხიან -
მაგრამ ის, ძმებო, ჩვენი ბალღია!
ჩვენ ვართ მამები, ჩვენ ვართ დედები,
მისი ნაღველი ჩვენი ჩრდილია,
ჩვენ მის მომავალს ვეიმედებით,
ის - საქართველო, ჩვენი შვილია!

ის უკვდავია, ჩვენ ვიხოცებით,
მისი სიცოცხლის დიდი ოცნებით.
ის უკვდავია, იცოცხლებს მარად,
იცოცხლებს მისი ლურჯი კამარა!

ის დაგვიტირებს, ის გამოარჩევს,
ის გამოაჩენს გმირებს და ლაჩრებს...

ჩვენი სიცოცხლის გულით მნატვრელი,
ჩვენი საფლავი არის გამთხრელი...
ჩვენი ბავშვების აკვნის გამთლელი -
ის ჩვენი კუბოს არის გამთლელი,
ჩვენს სამარეზე ცრემლის დამყრელი,
ჩვენს გულზე წმინდა მიწის დამყრელი!

კომენტარები (0)