0 39

სპექტაკლის შემდეგ


ორი თუ სამი საათისწინათ
ამაყად იდგა კოშკი მაღალი,
ახლა კი სცენას მკვდარსავით სძინავს.
აქ დადიოდა ფერმკრთალი ქალი.
აქ დადიოდა შეშლილი ქალი
და ჩვენ ვისმენდით გიჟურ სიმღერას,
ვგრძნობდით,
ვხედავდით მის ნამდვილ ცრემლებს...
თავი დაიხრჩო იმ ქალმა მერე.

იმ აჩრდილიან, წვიმიან ღამით
აქ დადიოდა დანიის პრინცი,
შავფიქრიანი, შავ მოსასხამით,
მას აწვალებდა აღთქმული ფიცი.
შემდეგ ის პრინცი დუელში დასჭრეს
და აღსასრულმაც დარეკა ბოლოს,
და მანიკითხა:
"სხვა რაღა დარჩა?"
სხვა რაღა დარჩა... სიჩუმე მხოლოდ.

შემდეგ სცენაზე ჩამოწვა ჩრდილი
და ელსინორას სძინავს მკვდარსავით,
თუმც გარდერობში ჯერ ისევ თბილი,
ქანაობს პირიცის წამოსასხამი.
სცენაზე ბნელა, სიჩუმე დადის,
თეატრში ღამით სიჩუმე დადის,
რბილი ხმაური სცენაზე დადის,
იდუმალია სიჩუმის თათი.

ასე იწყება ღამის სპექტაკლი
თავის სიმღერით, თავის სისწორით,
სიჩუმის ქარი სცენაზე დაქრის
თვით სიჩუმეა აქ რეჟისორი.
სიჩუმე არწევს მუყაოს კოშკებს,
თუნუქს შუბებს, თაღლით ზარადებს,
სადღაც კუთხეში მიხვეტილ დროშებს,
გადაყრილ დროშებს, ყალბ მუზარადებს.
ზარი სამრეკლოს არ აზანზარებს.
ზარებს დუმილი სიჩუმეს ურჩევს,
და მიყრდნობია ყალბი ტაძარი
თეატრის მძიმე და ნამდვილ ბურჯებს.
ამაზრზენია სპექტაკლი ღამის,
იდუმალ თამაშს მიუძღვის ვიღაც,
სცენის კუთხიდან გონჯის ნიღაბი
თვალს უბრიალებს ქალწულის ნიღაბს.
მეფის გვირგვინი ქოთანთან გდია,
ხელმწიფის ტახტზე ასულა ვირთხა.
მდუმარე სცენას, პარტერის წყვდიადს
თავის მონოლოგს ის წაუკითხავს.

სადღაც კი, თავის ვიწრო ბინაში
სძინავს მსახიობს შფოთიან ძილით,
და ეზმანება მომსკდარი ტაში,
მომწყდარი ცრემლი, წმინდა სიცილი.
დაღლილ ბავშვით სძინავს და უკვირს,
სძინავს უნიღბოდ, სძინავს უგრიმოდ.
ვაითუ ბედმა ჩაუქრო შუქი,
მუყაოს კოშკი მას დაუნგრიეს.
სიზმრად აბოდებს და ძილში ღვიძავს,
და ნატრობს ფეხზე წამომდგარ პარტერს,
სცენაზე სიკვდილს... სიცოცხლის მიზანს,
სიცოცხლის ფასად მიღებულ ვარდებს.
კომენტარები (0)