0 74

ტიციან ტაბიძის გახსენება


მას რუსთაველზე სცნობენ ჩიტებიც,
თვალს აყოლებენ ღიმილით გავლილს...
მიდის, ისწორებს გრძელი თითებით
ამ დილით გულზე დაბნეულ ყვავილს.

საოცარი აქვს ამ ყვავილს ფერი,
დღესაც არ ვიცი მისი სახელი.
(პოეტმა მისცა ყვავილს სახელი,
ყვავილმა მისცა პოეტს სახელი!).

დე, ის ყვავილი იყოს დღეგრძელი,
თავის იწონებდა პოეტი მკერდით! ... 
მიდის რუსთველზე ლექსის მეწყერი,
მე მოხიბლული მივყვები გვერდით.

გვერდით მივყვები ბიჭი ტანწვრილი,
ახლად ულვაშები ამომდინარი.
რა კარგი იყო დრო სიყმაწვილის,
ლექსით, ოცნებით, გული მდიდარი!

მაგრამ ნაღველიც მაქვს პაწაწინა:
დღეს დავინახე პირველი იგი -
ტკბილი ბარათით სამი თვის წინათ
ვინც დამიწუნა ლექსის ჭაშნიკი!

მიდის რუსთაველზე დაძრული ზვავი,
ნედლი ლექსებით, კოჭლი რითმებით,
ვარსკვლავებისკენ აწეული თავით,
ჭროღა თვალებზე მეჩხერი თმებით...

ვინც შეეჯიბრა თბილისის მგოსნებს,
ვისაც სამშობლო ლექსებს უქებდა,
ვინც ჩაბნენებულ რუსთაველის პროსპექტს
ერთი ყვავილით მიაშუქებდა.

იმ ნაზ ყვავილქვეშ, გულის ჯიბეში,
ახალი ლექსი ყოველთვის ედო,
სიყვარულის და სამშობლოს ეშხით,
ტკბილი სიცოცხლის საალავერდოდ!
კომენტარები (0)