0 136

უთქმელი ლექსი


ლექსო, ამოგთქომ, ტიალო,
თორო იქნება ვკვდებოდე!...
ხ ა ლ ხ უ რ ი

ახლა ჩემს პატარას უნდა მივეშველო -
უნდა ავამღერო უჩუმრად ნაწერი,
აქამდე სხვა მყავდა ძნელად გასზრდელი,
მის აკვანს გადავყევ, ულექსოდ გავძელი...

შენ, ჩემო პატარავ,
ლექსო ნაბოლარავ,
მინდა დავიწყებას, სიკვდილს აგაცილო,
მტვერი გადაგწმინდო,
გაგთალო, დაგწმინდო,
ფეხზე დაგაყენო, ომში გაგაცილო!

შენ, ჩემო პატარავ,
უწვრთნელო მიმინოვ -
აჰა, გეფერები,
გვედრი, მომისმინო...
დიდი გზა მოგელის, ბრძოლები ახალი,
აიღე, აიღე, აიღე ფარ-ხმალი!

აიღე ფარ-ხმალი, ნუ ხარ მტრის გულისად,
ჩაიცვი ჯავშანი სიტყვის ქართულისა!

შენ, ჩემო პატარავ და დიდო ნაღველო,
გაგზრდი, დაგაპურე, მოგირჩენ იარებს,
უსიტყვოდ, უკალმოდ, უჩუმრად ნამღერო,
ნუ დამემდურები, თუ ვერ მოგიარე.

საგულეს ნაჟური ვაჟკაცის ცრემლი ხარ,
შიგ წლობით ნადენი -
ზღვა განრისხებული,
დედა ხარ,
სატრფო ხარ,
მათსვით მარტო ხარ,
მათსავით მარტო ხარ და დავიწყებული.
შენ ჩემო დარდო და შენ ჩემო იმედო,
სისხლო და ცრემლებო, ნაწილო არსების,
ნუ დამემდურები,
თუ ვერ მოვიცალე,
თუ ვერ მოგიარე -
მარცხენით გარწევდი...
უხმოდ დარეკილო,
მაინც ასე ტკბილო -
ბაღო ჩარეგვილო, ვაზო დასეტყვილო,
სიტყვავ დასეტყვილო, მაინც ეშხიანო,
ლურჯი ჯეჯილივით მუდამ გეშრიალოს!
ყვავილო გვიანო,
რტოო იმედისა-
ისევ გაზაფხულდა
ბედმა გიბედისა.
იმდენად მიყვარდი -
თქმა ვერ გაგიბედე,
განა დაგივიწყე,
განა გაგიმეტე?
აჰა, დაგიბრუნდი,
გაგზრდი, გაიმედებ...
ლექსით დავიბადე,
ლექსით დაგიბერდე!

კომენტარები (0)