0 148

ყვავილის მიწა


ყვავილის მიწა!
ყვავილის მიწა!
ისევ აგრგვინდა ზეცაში მეხი,
და რუსთაველზე გაუბედავად
პირველმა იამ შემოდგა ფეხი.

ყვავილის მიწა!
ყვავილის მიწა!
ჰა, იყიდება, როგორც მწვანილი,
ოქროყანის და სამადლოს მიწა
ძველი ხურჯინით ჩამოტანილი.

ეს იყო წინათ....
ჩვენს ფანჯარაზე
რუხი ქოთნები მწკრივად ერიგა,
და ყოველ მაისს ყვავილის მიწა
ჩვენთან მოჰქონდა წყნეთელ ბერიკაცს.

დედას სარკმელში ქოტნები ჰქონდა,
"დეზერტირკაზე" ნაყიდი, ალბათ.
სარკმელში გრილი ნიავი ქროდა,
სარკმელში წითლად ჰყვაოდა ბალბა.

დედას სარკმელში ქოთნები ედგა,
დაბალ სარკმელში, სულ ქუჩის პირას.
მესმოდა მწვანე კვირტების ფეთქვა,
თან ვჩურჩულებდი ლექსებს ზეპირად...

ეს იყო ჩემი არაგვის ქუჩა...
მაშინ არაგვი არც კი მენახა,
თუმცა ვოცნებობდი მე მაინც ურჩად,
თვით ოკეანე გადამელახა!

ყოველ გაზაფხულს სიფრთხილით დედა
მიწას უცვლიდა ყვავილის ფესვებს,
მერე სარკმელხე გაამზევებდა...
ყვავილის მიწას მოშივდათ ლექსებს!

ყვავილის მიწა ოცნებად იქცა,
ლექსებს მოშივდათ სურნელი მიწის,
ოქროყანის და სამადლოს მიწამ
ყვავილოვანი ლექსები იცის!

მარილიანი ლექსები იცის...
ყვავილის მიწა მოშივდათ ლექსებს,
ყოველ გაზაფხულს ახალი მიწის
შემოყრა უნდა ლექსების ფესევებს!

ოქროყანის და სამადლოს მიწამ
ყვავილიანი ლექსები იცის,
მარილიანი ლექსები იცის,
ჯავარიანი ლექსები იცის!
კომენტარები (0)