0 82

ჩვენი უღელი..


მიდის დრო-ჟამი...
და ჩვენც დავბერდით.
მოდი, აშკარად ვთქვათ გაუმხელი!
მაგრამ ეწევა კვლავ ჩვენი ქედი,
კვლავ სიყვარულის გვადგას უღელი.

ამ უღლის უნდა ვიყოთ მლოცველი
და სიკვდილამდე მისი გამწევი.
შიგ რომ შევები, ვიყავ მოზვერი,
მარილის ზიდვით მოუქანცველი.

ვწიეთ და ვწიეთ საძნე ურემი
და აღზევანსაც ერთად წავედით,
დაგვიწყდა გზაში აპეურები,
ვერ გვაშინებდა მაინც შავეთი.

ვკაფეთ უღრანში კოჭი და თავხე,
ვთალეთ აკვნები, ვაშენეთ ზვრები,
დაღმართებს დავყვეთ, აღმართებს ავყეთ,
ვზიდეთ მამების კუბოს ფიცრებიც.

მარნად ვაქციეთ ნამარნალები,
გატეხილ ურემს ვუცვალეთ ფერსო,
დაკორძდა ქედი, გაცვდა ნალები,
მაგრამ ხელახლა აყვავდა ეზო.

მივალთ და მივალთ, აღრა ილევა,
თუმცა დაგვრჩენია გზის ნახევარი,
წამოგვაშველეს ქედი შვილებმა
და ცალუღელი გავხდით ყევარი.

შვილებს თავისი აქვთ აღზევანი,
ნატვრა, ფიქრბი, გზა, გასაგნები,
მარილზე წასვლა, უღლის წევანი,
მეტი ოცნება, მეტი აკვნები.

მაშ ნუღარ მეტყვი, რომ დაგიბერდი,
აღარც მე გეტყვი, რომ დამიბერდი!
ერთგულად ვწიოთ ჩვენი უღელი,
ჩვენ ხომ ამ უღლის გვქონდა იმედი.
კომენტარები (0)