0 165

ჯერ ისწავლოს, იბეჯითოს


ფანჯარასთან ზის ყმაწვილი,
ზის, ჩასცქერის წიგნის პწკარებს,
ძალზე ცხელა, იქვე ხევში
ცივი წყარო მოწანწკარებს,
ხეზე მღერის მოლაღური:
"ბიჭო გოგი, გამო გარეთ!"
ხე შრიალებს ფანჯარასთან,
მის ფესვებთან წყარო მღერის,
ცხრათვალა მზეც უალერსებს:
"ადექ, ბიჭო, ჰერი, ჰერი!"
ზის ყმაწვილი, მათ არ უსმენს,
ჩაჰკირკიტებს წიგნის ფურცლებს,
გამოცდებზე მიელიან
მღელვარებით გული უცემს.
სად სცალია! წიგნს კითხულობს,
დააცადეთ, იბეჯითოს,
ნავარდის და თამაშს დრო
უკეთესად იცის თვითონ!
ჯერ ბეჯითობს, მეცადინობს,
და როს სწავლით გაგვახარებს,
როს დიდი ხნით დახურავენ
საყვარელი სკოლის კარებს,
აიკიდებს მგზავრის ჩანთას,
მესხეთისკენ გასწევს მარდად,
რუსთაველი დედა მხარე
წიგნებიდან შეუყვარდა.
იქ, ახალმა საქართველომ,
ძველ ფესვებზე გაიხარა,
ნახავ რუსთავს, თმოგვის ციხეს,
ვარძიასთან გაშლილ კარავს...
დააცადეთ, ხელს ნუ უშლით,
ჯერ ისწავლოს, იბეჯითოს,
თამაშის და მგზავრობის დრო
უკეთესად იცის თვითონ!
კომენტარები (0)