ერთი მტკაველი მიწა


მტკაველზე მარხავდნენ ბავშვები მერცხალს,
ფოთლის სუდარა ტანზე ესვენა,
ეზოში ქალი თეთრეულს რეცხავს,
თვალები მასაც სევდით ევსება.

საფლავზე ეწყოთ ფერადი ქვები
და ჩამომჭკნარი ორი გვირილა,
ბავშვები _ მერცხლის ჭირისუფლები
თამაშ-თამაშში იქცნენ ტირილად.

პატარა გოგომ გაბერა ტუჩი _
მისი ფანჯრის ქვეშ ჰქონია ბუდე.
იწვა ხალისი ფეხსაცმლის ყუთში,
როგორც კუბოში, ყველანი დუმდნენ.

უმღერეს ერთად `ჟუჟუნა წვიმა~ _
მეტი გალობა ჯერ არ იციან,
კაცთან მივიდნენ და უთხრეს ცივად:
_ ჩიტი მოგვიკვდა, ლადო ბიძია!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი