0 1544

კოსმიური პირამიდა


მაქვს უცისფრესი ნაღველი, უიშვიათეს ღამიდან,
მყავს ნაგოდები ოცნებით აზრში მოკლული საცოლე
და მე არ ვიცი ამხელა მარტოობაში რა მინდა,
გაჟღენთილია ცრემლებით მთვარენალეწი საწოლი.
გამიწყდა ყველა ფერადი ურთიერთობის ძაფები,
არის მტანჯველი სიჩუმე და მე არსაით მელიან,
საფლავში გამოღვიძებულ კაცივით დავიძაბები,
როცა ოთახში სხეულებს ჩრდილები ემალებიან.
დავიმეგობრე ვარდები _ ჩემი გამხმარი ტრაური,
ყველა სურვილი დამეწვა, ყველა სურვილი ალშია.
სევდის აღლუმზე გაისმის შეძრწუნებული ხმაური,
უკანასკნელი აკორდი ჩემი ნერვების მარშია...
ნისლის ზღვიდან რიფებივით ამოყრილან სოფლები,
სადაფისფერ ღრუბლებშია მზის ბაჯაღლოს მონეტა.
ანგელოზი ემუქრება ზეცას წვიმის მოკრეფით,
გახსენება ამტკივდება გასულ სიმარტოვეთა.
ბამბის თეთრი კლავიშებით გაღიმებულ როიალს
ტუჩებს ძილში დავუკოცნი მკრთალ თითების ბალიშით,
ტვინის ნაოჭ ლაბირინთებს როცა ფიქრი მოიარს,
სურვილები ამიტაცებს შენთან ყოფნის გარეშე.
ჩემი გულის ფეთქვის ხაზი კავკასიის ქედებია
უშგულიდან ჯიხვის რქები როცა მთვარეს ენაცვლება,
ღრუბელს ჭმუჭნის ვიწრო ზეცა მზე რომ გაუმეტებია
შენი კოპის დაბღვერად და ემოციის შენაცრებად.
გადის, გადის უსასრულო წუთის, წამის საუკუნე,
საათბოთ ბაგეებზე უკოცნობა იფარება,
ვარსკვლავების დათვლილ სიას შუაღამეს დავუბრუნებ,
რომ მიყვარდა სიჭაბუკის მოწყვეტილი მიბარება.
ავახლიჩე დედამიწას მელნისფერი ოკეანე
და ნიღაბი დავამზადე _ გამჭვირვალე ტრაგედია,
მერე შენი სიზმარეთი ფეხშიშველმა მოვიარე,
თითქოს ჩემი წარმოდგენის უცნაური მაკეტია,

ავიზვირთე, ავიტალღე, ნაპირები დავარბიე,
ოქროს ქვიშა დაგისველე _ ცხელი მკერდი, პირამიდა,
ატმოსფერო კოსმოსამდე თითის აკვრით გავარღვიე,
ახლა შენი სიახლოვე _ ატმისფერი დილა მინდა.
კომენტარები (0)