მე შენგან რა მინდა თვითონაც არ ვიცი ..

მე შენგან რა მინდა თვითონაც არ ვიცი,
ან რატომ ვირევი შენს ტანში ბინძურად.
ქორწილის დაღლილი ხმა, როგორც მაისი
რა სწრაფად დამთავრდა და ამოიწურა.

მე შენგან რას ველი?! არაფერს დადებითს,
არაფერს ლამაზს და არაფერს მშვენიერს,
უბრალოდ სახეზე თითების დადებით
აღვიქვამ შენს ნიკაპს, ტუჩებს და შენს იერს.

მე შენგან რატომღაც ფერების დანაკლისს
უსიტყვოდ განვიცდი ვრცელ განმარტოებით.
გარეთ გრიგალია, გრიგალი განა ქრის,
უბრალოდ ერთობა სულელი რტოებით.