გივი ალხაზიშვილი - ფოტო

გივი ალხაზიშვილი

პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი

0 149

წუთის განაბვა


ცხოვრება ისე ახლოსაა, მასაც ვბეზრდები,
ზოგჯერ წავა და შემატოვებს ირეალობას,
სადაც წარსულის ნარჩენები მირიალებენ 
და ჩავლილ დღეებს ღამეების ფრთები ეზრდება...

რა ახლოს იყო ის ქვეყანა, თვალწინ რომ ქრება,
რა სინანული არ აღმავსებს ჩვეულ სიმძაფრით?!
აღარ მომიწევს მეათასედ ძალის მოკრება,
აღარ შეიწოვს ამ სიცოცხლეს მზერა ძაბრივით.

ჭილყვავებივით გადაუფრენს თვალებს ბინდბუნდი,
ზამთრის გულიდან შავ ლაქებად რომ ამოცურდა,
იქ მიბრუნება ვცადე, მაგრამ ვეღარ მივბრუნდი,
იმ ნათელ დღესთან, ამავე დროს ბინდით მოცულთან..

ჩემშია იგი, მარადღე ხომ იმ დროს მოიცავს,
აქაც რომ არის, ზოგჯერ სიტყვებს თავს რომ აფარებს,
უხილავ ჭიშკარს გაცრეცილი საღამო იცავს
და ღვთის კრავივით აყურადებს მის დანაბარებს.

იგი სულია და ამ ქვეყნის რა ეკითხება,
რადგან სულია და ირწევა როგორც შვეული,
არც ახსენდება მიწა, სად და ვისთვის ითხრება,
ის სხვა სიცოცხლით მწყურვალეა და დამშეული. 

ავიკრეფ მკლავებს, ნაბიჯს, ვტოვებ ოთახს _ კიდობანს_
დილის ნაპირთან გამორიყულს მაშინ შევუვლი,
როდესაც სხივი საკუთარ თავს გაეკიდება, 
როცა სამყარო ინაბება როგორც შვეული.

წყარო: litklubi.ge

კომენტარები (0)