გივი ალხაზიშვილი - ფოტო

გივი ალხაზიშვილი

პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი

ვერ შეახსენებ თავს ..

ვერ შეახსენებ თავს ამ საგნებს, აღარც ისინი
გაგიხსენებენ და შენს სახლში სტუმრად მისული
შეამჩნევ სანთელს, ბინდში როგორ დგას ნარცისივით
და ყვითლად ყვავის,
ჰაერი კი სუნთქავს ბზის სუნით.

და იმ სანთლისკენ იხედება ყველა კუნჭული,
თვალი თვალია და სხვა მხარეს
გარბის დროდადრო,
რათა მიაგნოს უფლის სიტყვას
ნათქვამს ჩურჩულით,
ანუ სინათლეს, წყვდიადიდან რომ გამოადნო.

რა საგრძნობია, რომ შენს
ხსოვნას სძინავს ბავშვივით,
იგი დღე-ღამეს ისე იცვლის, როგორც ორ კაბას
და უთქმელობა _ სამყაროთა შორის კავშირი _
დუმილის ჭაა, სიტყვებით რომ ვერ ამოხაპავ.

სიცოცხლის ფონი: ბეღურების შორი ჟღურტული,
შენ _ წაქცეული, გადავლილი ფიქრის ბარდებით...
ალბათ, თვითონვე შეგაწუხებს სხვათა ბჟუტური,
დახუჭავ თვალს და გაურკვეველ დროს ჩაჰბარდები.