შენ გაიღვიძე მივიწყებულ დროის ჩქამივით..


ფოთლების არა. გადაშლილი ფურცლის შრიალი
და აღმოჩენა _ საღამოსთან ერთად მოვბერდი.
ქაღალდის სივრცე და ნაჩხაპნი მრავალშრიანი,
ჩამქრალი თვალი, მოდარაჯე ფანჯრის მოლბერტი.

გამოუცვლელი პეიზაჟი და კენწეროთა
რწევა, ვარსკვლავს რომ გამოადნობს
ღამის შლამიდან,
მე რა ვიცოდი, სიტყვებით თუ დაგეწეოდი,
ახლა რომელთა უარყოფა და წაშლა მინდა.

შენ გაიღვიძე მივიწყებულ დროის ჩქამივით,
შეავლე მზერა გამჭოლავი და დამთარსავი
ყველას, ვინც ახლა ფეხაკრეფით აქვე ჩამივლის
და არსაიდან მომავალი მიდის არსაით.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი