სირიოსის ჟამი


“ვნებააშლილნი არიან ახლა დიაცნი, კაცებს დაუფლებიათ უძლურება,
მათ თავსა და მუხლს მცხუნვარებით სწვავს სირიოსი”*
ალკეოსი _
სანადიმო სიმღერა/ფრაგმენტი/
თარგმნა ნანა ტონიამ


ელექტრონული დრო არ მყოფნის
თვალი ვადევნო –
მეჩხერ ტყეებს რომ გადაუვლის გაზაფხულის მზე
და ბღუჯა_ბღუჯა სხივებს ტოვებს შინდის ტოტებზე. .

აღარ მიშვებს იქამდე, როცა აყვავდება ჭალებში ფშატი,
სირიოსის აღზევება ხომ მამრს აძაბუნეს,
ხოლო მდედრს კი ვნებით აღავსებს...

აღარ მანახებს,
ვაშლის ნაყოფი ფერს როგორ იცვლის
და იწინწკლება წითელ შხეფებით,
იქამდე, ვიდრე ფუტკრის სკების გაბმულ სიმღერას
ასაზრდოებს მინდვრების ღალა
და გეჩვენება, რომ ვარსკვლავები დაბზუიან ჩვენს ღამეებში
ჩვენი წუთების შესაგროვბლად.

ელექტრონული დრო არ მყოფნის,
რომ თვითონ ავყვე ჰაერის რხევას
იქამდე, ვიდრე ივსებიან მკვრივი მტევნები
ქარვისფერ წვენის დაფარულ თრთოლვით
და საქორწინო ქალწულთა დასი
ღამეებს ტეხს და მოლოდინის ჟრუანტელს ითმენს /ჩღპყ წელს..../

ამ მოლოდინს თავის ხმა აქვს
და შეუძლია ღამეების გაჩირაღდნება.

მთლიანად შთამნთქა ვირტუალური ვეშაპის ხახამ
და ახლა ვცდილობ იონასავით
ბასრი საგნით გზა გავიკვლიო
და ამ წყვდიადის სტომაქიდან გამოვაღწიო
მზისქვეშეთში, სადაც თურმე არაფერი იმალება,
გარდა ჩვენი არსებობისა.

დახურულია ყველა სქოლიო,
დუმილი კი ცდილობს რამე თქვას
მაგრამ სიტყვებს ვერ ანაწევრებს..

წკმუტუნის ჟამი დადგომია დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედს
და მრავალ ხმაში იწკმუტუნებენ ელექტრონული დროის მიღმა,
ბინძურ ჩიხებში, საიდანაც თუ გამოაღწევ მხოლოდ შლიგინით,
ძველი სიშლეგით და უაზრობის ბნელი ანშლაგით,
როცა ჯიბეში აღარ გიჭყავის
არცერთი თეთრი, ცენტი, პესო, აღარც შილინგი
და გაქვს ობოლი მარგალიტი
სატრფოს ცრემლების კოლექციიდან...
და ის ობოლი, კბილებით რომ წაუღებ ქარონს.


--
*სირიოსი ___ დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი