გივი ალხაზიშვილი - ფოტო

გივი ალხაზიშვილი

პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი

სეტიდანის გახსენება

ალბათ, ოდესმე... და ვიდრემდე ახლით გამოცვლი,
შეწუხებული ხარ დაკარგულ ვიოლინოთი,
რა გაეწყობა, ღვინოს წრუპავ, ჭიქას გამოცლი
და გაიხსენებ: მუსიკაში იოლი ნოტი,

რომ არ არსებობს, არც ცხოვრება არის იოლი,
ისევ ხმაურობს, გადაგღალა ატონალობით,
დევს მაგიდაზე მოხუც დედის მედალიონი,
ჯიბის საათი და ოთხთავი ათონელების.

გაგიკვირდება, სიმებივით მღერენ ძარღვები
და მელოდიას უნდა სისხლში რომ ირონინოს,
რომელსაც მორიგ წრებრუნვაზე ნებით წაჰყვები,
მევიოლინე უხემო და უვიოლინო.

შენ შეეჩვიე შენი დარდის მუზიცირებას,
ამოიმღერებ ღამეებს და ძვირფას სანაგვეს
განშორებების, სადაც უკვე ბუზიც ირევა
და უკ ანასკნელ ნარჩენებსაც ამოალაგებ.

აღებ ფანჯარას, თვალს თანდათან მოეკიდება
ფერი რიჟრაჟის და დღე-ღამის იძვრის შვეული
და ხმელეთისკენ გამორიყულ ოთახს – კიდობანს
ამოაბრუნებს ბეღურების ხმა დამშეული.

ეს ორი ღამე გადაება და აკიდოა,
გაგახსენდება გაბეწვებულ ძაფს რომ ეკავე
და სულ ესაა, შემოდგომამ რაც დაგიტოვა,
ღამის მტევნები, ჩიტები რომ ამოკენკავენ.