გივი ალხაზიშვილი - ფოტო

გივი ალხაზიშვილი

პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი

სამოთხე მუდამ წარსულშია..

სამოთხე მუდამ წარსულშია, იქ მიბრუნებას
ვცდილობთ ორივე, ირწევიან სუნთქვის ჩელტები,
ორიგინალთან ვაიგივებთ მორიგ ცდუნებას
და დასაღვრელად ავსებულნი ვეღარ ვჩერდებით.


მე ვგრძობ შენს სიღრმეს. მომლოდინე იალქანივით
სულს შემიბერავ, რომ სუნთქვასთან ერთად ვიცუროთ,
იქითკენ, სადაც ექოები მიმაქანებენ,
ყუნწში რომ გაძვრეს სულის ძაფი და გაიწუროს.


ჩემი ხმა ექო, შენიც ექო. თავდაღწეული
დროის ხორხიდან, უნებლიე და აქროლილი
წუთი უგარსო, ღამის ჩქამში გადარწეული,
ჩურჩულის ხიდან მოწყვეტილი და გაკროლილი .


სამოთხე მუდამ წარსულშია და ღამის მერე,
ამოყვინთავენ შენს თვალებში ძველი საგნები,
ესეც ექოა, ხილულია და გაიხსენებ,
შენც ექოში ხარ საძებნელი და მისაგნები.

11. 8.