აჰა, ძველ ხელნაწერს მიათრევ ჩემოდნით..


აჰა, ძველ ხელნაწერს მიათრევ ჩემოდნით
და მეხსიერებით, რომელიც არ იწვის,
იმ ფურცლებს, რომლებზეც სიტყვებად ჩამ ოდნი,
აჩუქებ ქარ-წვიმას. ქარ-წვიმა: - ქარი წვიმს
ქალაქში და სველი ტოტების დარწევას-
სტიქიის სუნთქვაში უმწეოდ გახლართულს,
დაჰყურებს ფანჯრები და უნდა ცხრა სართულს
გაიგოს, სად მიხვალ, რა მიგაქვს ჩემოდნით,
სად მიემგზავრები, ანდა ეს ამინდი
თუ უამინდობა საიდან ჩამ ოდის,
საიდან ვრცელდება, ან როგორ მოედო
ყველას და ყველაფერს სუნთქვა ნესტიანი?!

ეს სადარბაზო კი კორპუსის ნესტოა,
დღისით და ღამითაც, ის მუდამ ისრუტავს
ყველაფერს: ეზოს და ქუჩას და რესტორანს,
უაზრო სურვილსაც, რომ არ აგისრულდა,
იმ ლოთსაც, დილით რომ გააგრესიულდა
და მობინადრეთა ლანდებს მობარბაცეს,
მშიერ გამოხედვას, თვალებს ნაკაიფარს,
რეცეფტის კითხვაში გაწაფულ ფარმაცევტს,
უფალო, უფალო ყველა დაიფარე.

და ნაგავსაყრელთან მისული ჩემოდნით,
წუთიერ დუმილით შენ პატივს მიაგებ
იმ ფურცლებს, სადაც შენ სიტყვებად ჩამ ოდნი,
შეარხევ გალუმპულ პიჯაკს და იანგლებ,
რომ: ქარი წაიღებს და ქარის მოტანილს,
მარტო ქარს კი არა, გაატან ქარ-წვიმას,
რომ მეხსიერებით სავსეა ქოთანი,
მხრებზე რომ გადგას და შენ გინდა არწივად
იქცე და გაფრინდე და ფრთები გაშალო,
ცაში აბოინო და ზანტად არწიო,
ქარ-წვიმამ წაიღოს შენი ნაფიქრალი
და პროსოდიული განცდების ნაშალი.
უფალო, უფალო, ყველა დაიფარე.

ქარი კი კითხულობს ფურცელს ფარატინას,
ყველაფრის გულდასმით მკითხველი ქარია,
შენ უკვე იქეცი ზეპირ ნარატივად,
ისე წაიმღერებ ჯერ უცნობ არიას,
რომ კარგი პოეტი, თავისთვის ცოცხალი,
ქარისთვის ცოცხალი, სხვებისთვის მკვდარია,
მკითხველი ქარ-წვიმა: წვიმა და ქარია.
უფალო, უფალო პოეტიც დაიფარე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი