გივი ალხაზიშვილი - ფოტო

გივი ალხაზიშვილი

პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი

0 60

ქელეხის სუფრისკენ ქაოსურ მსვლელობას..


ქელეხის სუფრისკენ ქაოსურ მსვლელობას
აცილებს ჭივჭავთა ჟღურტული,
დინება, დინება ცნობილ მსანსვლელების,
დროდადრო მშიერი ტიპების ბჟუტური.

ქალს სკამი დაუთმეს, რატომღაც ითაკილა,
სხვებსაც გაერიდა, გაურბის საქმროებს,
მგონი, ქალბატონი არის ითაკელი,
დეკოლტეს ღიმილს თვალები ვერ აქრობენ.

სკამების ჭრიალი, ჩხაკუნი დანა-ჩანგლის,
მწუხარე თვალებში ღიმილის ჩამალვა,
შევკრთები ამ სცენით მრავალჯერ დანაჩაგრი,
ღია სარკმელივით გავყურებ ამ ალვას,

რომელიც ირწევა ნიავის სუნთქვისას
და ყველა ჩვენთაგანს შეიგრძნობს ფესვებად
და აქ მყოფ მარადღეს _ უხილავ გულთმისანს,
უცნობი თვალები ამ ხალხით ევსება,

რომლებიც თანდათან მიემგზავრებიან
და გზას დაეძებენ საუფლოს,
ჩვენი ბაგეები შიშის ბზარებია,
ვიხსენებთ, ვივიწყებთ, ვსაუბრობთ.

ჭიქიდან ჭიქამდე ანარეკლს ქარვისფერს
გახედავს ხორბლისფერ თვალებით კოლიო
და იმ ხმას, რომელსაც არავინ არ ისმენს,
გულდასმით ინახავს ხსოვნათა სქოლიო.
კომენტარები (0)