მესამე ელეგია


ასე ვარსებობთ, ამბოხიდან ამბოხებამდე
გადის ცხოვრება უაღიმღამოდ ჩვეულებრივი
და შენ იზოგავ ლუკმაპურს და დღიურ საზრუნავს,
რომელიც მუდამ გელოდება, თვითონ დაგეძებს
და გიხარია რომ თენდება, არ დაასრულა
ღმერთმა სიცოცხლე დღიდან-დღეში გარდამავალი,
ზოგჯერ ეს სისხლი გასუსული არსებობიდან
ამოიყივლებს უცაბედად, როგორც მამალი.

ის, ვინც მზესავით ამოვიდა შენი ღამიდან
და შემოგხედა წვეთით, ფანჯრით, სარკით, გუბეთი,
მდინარეების ანარეკლით და ხის ნუჟრებით,
ჭუჭრუტანებით, მიტოვებულ ხელნაწერებით,
ქალით, რომელსაც თვალში ცრემლად ამოუშრები,
ხსოვნის დარბაზში გამოკიდულ დაგეროტიპით
და ორიათას მეშვიდე წლის ბუნიობისას,
შემოდგომის ხმით წაიმღერე ძველი მოტივი.
ასე ვარსებობთ, ამბოხიდან ამბოხებამდე
ჩნდება პაუზა ერთწლიანი, თორმეტწლიანი
ან ოთხწლიანი და დღე-ღამეს ვითვლით პულსივით,
გახშირებული სუთქვის სითბო მინებს დაორთქლავს,
თვალში ჩაგვხედავს გაოგნების წუთი გულცივი
და დავმუნჯდებით, უსიტყვობით გავისუსებით
და მეგაფონებს, ტელე-არხებს შეესევიან
იგივეობის უსახური ჰაბიტუსები.

ის, ვინც მზესავით ამოვიდა შენი ღამიდან
და შემოგხედა სიტყვით, საგნით, შვილის თვალებით,
რომელიც მუდამ სადღაც მიდის და ნაკვალევი
რჩება მზერაში, გულისგულში, სულის სიღრმეში
საშიში ფიქრი, დარდით თვალის ამომკალავი,
თვალების ფსკერზე უსასტიკეს ხაზის გავლება
და წარმოსახვის მოშორება ხელის აქნევით
და მწარე სიტყვის აღმოხდომა ამოხავლებად.

შენ რას გაიგებ, სად მიგრიყავს დროის დინება,
ხმები, ხმები და მძვინვარეთა შეძახილები
ამოქოლავენ უთვალავ ყურს, მერე საკუთარ
ხმაში ჩამხრჩვალებს აღარ ესმით აღარაფერი,
და სისხლშემხმარი წერს კალამი, ძველი, სამკუთხა,
რომ უმძლავრესად შეარყია ღელვამ გემბანი
და გადავარდი შუა ზღვაში და ყველაფერი
გასაგებია, ამავე დროს გაუგებარი.

სადღაც მიცურავ, მოასვენებ დაღლილ კიდურებს,
გაწვები ზურგზე, იტივტივებ, დასაფიქრებლად
რჩება რაღაც დრო, ცდილობ, ამ დროს რომ აეწებო
მთელი არსებით, ჰორიზონტი ვიდრე ყულფივით
დავიწროვდება, თვალს დახუჭავ, რათა ეძებო
საყრდენი შენში, რადგან გარეთ აღარ არსებობს
აღარაფერი, მხოლოდ სივრცის უსასრულობა
და ზედაპირზე მოტივტივე ჭრელი ნაგავი,
მეტი რა დაგრჩა, დროს იზოგავ, ებღაუჭები
წუთებს, რატომღაც რომ შემოგრჩა გაუფლანგავი.

და რაც ამჟამად იბადება, მუდამ მზად არი
თავგანწირვისთვის და აწყდები ახალ ნაპირებს,
შენი სიტყვები ნიჩბებია, ისმის დგაფუნი,
ბედსმინდობილი არსებობის აღმოსაჩენად,
შემოდგომაში გადაცურდა ყველა ზაფხული
და ზურგის ქარი იალქნებად, ფერად აფრებად
აედევნება ყველა ბაღს და ყველა თაობას
და შენ რატომღაც ყველაფერი გეარაფრება.

ხმები, ხმები და მძვინვარეთა შეძახილები,
მზიან სივრცეში აშენებენ ხმების ყორეებს,
და გაუმაძღრებს იდეების ცივ სალაფავით
და ტლღებივით აფოფრილებს არც ახსენდებათ,
რომ ხორხი ჩვენი იმ სიტყვების არის საფლავი,
აღტკინებამ რომ ამოყარა, როგორც კენჭები
და შენ აბიჯებ საკუთარ გულს და ნაბიჯები
ხმებს გამოსცემენ ორჭოფობის და შეეჭვების,

რომლებიც სივრცის წყალთაშუა იკარგებიან,
რადგან მიზანი არ არსებობს სინამდვილეში
და ქიმერამდე ვერ მიაღწევ და არ შესტირი,
იმ გზას, სადღაც რომ დაიკარგა და იკვეთება
გაურკვევლობის გარკვეული ორიენტირი
და რთულ თანწყობილ და ქვეწყობილ წინადადებებს
დუმილად აქცევს გაფიქრების მრავალწერტილი.

აი, ფანჯარა და ხსოვნაში აღარ შეაღებ
და სიმშვიდიდან ამოზრდილი ბავშვის თვალები,
შეშინებული საკუთარი გამჭვირვალებით,
კედლების იქით და ჭერს იქით ხედავს გამჭოლად
და დრო, ჩაკარგულ ფიგურების თავგადასავლებს
აქცევს სიზმრების ფრაგმენტებად და მონაჭორად.

ხმები, ხმები და მძვინვარეთა შეძახილები
და თვალში ფიქრი, თვალში სიტყვა ამოკითხული,
ხეივნის მღვიმე, სკვერის ვარდი, ბოლთა, გაზონი
და უთვალავი გულისცემა, როგორც წამმზომი,
ითვლის თანაბარ აჩქარებით წუთებს, საათებს
და არ იღლება აწყვეტილი რიტმი დინებით.
წაიღიღინებ უთქმელობის გაურკვევლობას,
და ყველა სიტყვას გააუქმებ წაღიღინებით.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი