ფსალმუნი


შენ სადაც წახვალ გამოგყვები, აქ ნუ დამტოვებ,
დავაცლი, მკვდრებმა თავის მკვდრები თვითონ დამარხონ.
მეც მკვდარი ვიყავ, შენი სიტყვის სუნთქვამ გამალხო
და შემომესმა მაცოცხლებელ ტალღის დგაფუნი,
ჟამი მიმოდის საიდან სად, მხოლოდ შენ იცი,
დღე-ღამის რიგი მშფოთვარეა, ხან განაბული
და სადაც წახვალ გამოგყვები, ღამის სათევი
არ გამაჩნია, შენი სიტყვის ჩრდილში მამყოფე,
სხვაგან ვერ ვპოვე დაქანცულმა თავმისადები.

უკან ყურება, მე უბადრუკს, არ მენატრება,
დაურწყულებელს შენი სიტყვა კვლავ და კვლავ მინდა,
ამ შემოდგომამ თრიმლი ისე გააქლამინდა,
რომ შემაჟრჟოლა ჟამის მოსვლამ თუ მობრუნებამ -
ძველმა წრებრუნვამ, თავისთავს რომ ბაძავს ბუნება
და იკვეთება, რაც დროშია, კი არ გავიდა,
ჩვენი სიცოცხლე დღიდან დღეში ისე გადადის,
მუდამ აქ არის და ყოველ წამს იწყებს თავიდან.

შენკენ მოვდივარ და მე უკან არ ვიხედები,
მკვდრებმა დამარხონ თავის მკვდრები, გამოიგლოვონ,
მე მინდა მადლი ნამცეც-ნამცეც რომ მოვიგროვო
და გავერიდო ამსოფლიურ ღვარძლს და ნარ-ეკალს,
მხოლოდ შენ იცი, ვინ იქცევა შენს ანარეკლად,
ვის გაუხსენი გადამალულ ცის მრავალი შრე,
არ შემოხვიდე გულსა შინა, ვზი და ვლოცულობ,
მაგრამ გაკრთები და არ ვიცი, რას მიმანიშნებ.

არის სამკალი და მომკელი თითო-ოროლა
მკის, რასაც წვდება და ყოველი იმკის თავისას,
ვსამ შუაღვინოს, ჰორიზონტმა გაიდაისა,
ჩამომეღვარა შიშველ მკერდზე და ღვინოსავით
შუქის ნაკადმა იდინა და მთები გალუმპა,
შავი შაშვია, დღის ბოლოთქმა რომ იგალობა
და შემაჩერა გაფიქრებულ გზებზე ნათრევი,
ხელს ავიფარებ ყურებზე და უკეთ ჩამესმის
შენი სიტყვები, თვალს ვხუჭავ და მომენატრები.

გოგო-ბიჭები შესევიან ბაღს შემოდგომის
და ჟრიამულით და ნაყოფით ჩამოხუნძლული
ირწევა ბაღი, აბინავებს ჟამი მოსავალს
და მიხარია, რომ აქვე ხარ და ახლოსა ვარ
დროსთან, რომელიც, იქსოვება და მზის ბადეა,
მე რომ ვეხვევი და სინათლით შესამოსავად
მიბოძებ ნათელს იმის ნაცვლად, რაც მაბადია.

გამიუცხოვდა სინანული გამოთხოვების,
ჩემს მორჩილებას მზე ამოჰყვა შენი სიტყვიდან,
შენ აპატიე, ვინც უაზროდ ჩაიხითხითა
და ირონიულ ხმით შეასკდა ყურის მემბრანებს,
შევალ სიტყვაში, თუ შემიშვებ, შენში მამყოფე,
შენ შემეწიე, შემიფარე და შემიბრალე.

მე შენს სიყვარულს უნებლიედ ამოვიმღერებ,
ამოვაყოლებ გულს და ბგერებს სხვაგან წავყვები,
სადაც სიმებად გაიბმება ჩემი ძარღვები
და სულის რხევით მხოლოდ ჰაერს თუ შევედრები,
მე რას გავიგებ, რასაც მიმხელ, ისიც არ ვიცი
და ნუ დამტოვებ, წამიყვანე, შენ გევედრები.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი