რეკვიემი დედას


სად გეჩქარებოდა,
ჩამომჯდარიყავ გზასთან ძელსკამზე
და დედის თხოვნა შეგესმინა,
დაგეცადა ცოტა ხნით მაინც.

ვისთან მიდიოდი, ვინ გელოდა ქალაქში,
სადაც ერთმანეთს ტკეპნიან ქუჩები და ადამიანები,
სადაც ხეებიც ისე იყურებიან ზემოდან ქვევით —
ყოვლისმხილველებივით
და არაფერი აღარ აოცებთ,
არც თვითმკვლელობა, არც მკვლელობა
და აღარც კვდომა თანდათანობით,
თანდათან ხომ ყველანი ვკვდებით.
აღარ აოცებთ, არც ისინი ნაგავში რომ იქექებიან
და აღარც წყვილთა მშიერ მკლავებზე
გადაწვენილი ღამეები —
ცა რომ უკუღმა ამობრუნდება
და ვარსკვლავები როგორ ჩნდებიან
ისიც კი მოჩანს.

სად გეჩქარებოდა,
რა მაგნიტი გიზიდავდა იქითკენ,
სადაც ყოველდღიურად კლავენ ერთმანეთს
და მრავალსართულიანი სახლის ფანჯრები
ვეღარაფერს ამჩნევენ საკუთარი ჩარჩოების გარდა.

სად გეჩქარებოდა,
ჩამომჯდარიყავ გზასთან ძელსკამზე,
ანდა სულაც,
გზისპირას ამოსულ ნარშავის ყვავილივით გაგეღიმა,
კიდევ გეთქვა რამდენიმე სიტყვა
და ეკლები გადაგემალა,
რომელსაც დედა მუდამ ამჩნევდა,
რამდენიმე წუთით გაგეხანგრძლივებინა იქ ყოფნა
დედის სიახლოვეს და გეყურა
დაკოჟრილ თითებში როგორ მალავდა
ჰაერს ვარდივით.

ცოტა ხნით დარჩი...
ეს სამი სიტყვა ჩაეჭედა მეხსიერებას
და ჩვეულებრივ სამკუთხედივით,
როგორც არ უნდა შეაბრუნო
ხომ სულერთია?!

ნეტავ, შენს კართან ღამე მეთია
და შორიახლოს, ხმაგაკმენდილს ჩემთვის მესმინა,
როგორ ამბობდა შებინდება თავის სათქმელს
შაშვის გალობით,
რა მოწყენილად მშვიდდებოდა პატარა ეზო,
რომელიც მარტო დარჩენილიყო შენთან ერთად
და ჩემს ჯიუტ და უდიერ ნაბიჯს ითვლიდა —
სადღაც, ქალაქისკენ
და ჩვენს შეხვედრას ერთი კვირით
სათუოს ხდიდა.

ხანმოკლე იყო ჩვენი შეხვედრა,
ნახევარი საუკუნე ისე გაგვიქრა,
რომ რიგიანად ერთმანეთს ვერ გავესაუბრეთ,
რადგან მთავარი იყო საქმე —
სიცოცხლეს რომ აღემატება —
ენერგიული ნაბიჯებით
და არაფრისკენ მუდმივი სწრაფვით.

ახლა ვფიქრობ —
ღობის ძირას ამოსული ნარშავი შენ ხარ
და სულს მიკაწრავს შენი ეკლები
და ის ყვავილი ეკლებიდან ამოშვერილი —
არის წერილი,
რომლის წაკითხვა ვერ მოვასწარი,
ხანმოკლე იყო ჩვენი შეხვედრა
და ყულფად იქცა დროის ბაწარი.

სად მეჩქარებოდა,
ჩამოვმჯდარიყავ ძელსკამზე და შენთვის მესმინა...

ახლა ჩავრგავ დაქანცულ თავს ჩემს ხელისგულში,
რომელიც თითქოს შენი კალთაა,
მერე კი გავშლი ხელებს, რომ სადმე გადავიკარგო,
ვიდრე უკან დაგიბრუნდები,
ამ წასვლა-მოსვლას რაღაც ჰქვია
და რატომღაც დიდხანს ვუნდებით.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი