მეოთხე ელეგია


შენ ბრუნდებოდი ქალაქიდან ცარიელ სახლში,
სიმარტოვეში, რასაც თურმე ამაგი დასდე,
რომ ისევ ჩუმად დამჯდარიყავ ამ მაგიდასთან
და გაგეფლანგა ეს სიმშვიდე ნაშოვნი ვახშით.

თვალს აპარებდი ფანჯრებისკენ; ნოემბრის ბაღში
იფურცლებოდა ყვითელ წიგნის ათმაგი დასტა
და ყველაფერი იცვლებოდა ამ მაგიდასთან
და ცეცხლის სუნი ძველებურად ახსოვდა ნახშირს.

ჩაქრნენ დღეები და სამყაროს გულდასმით დახშულს
ეკითხებოდი: მერამდენედ, სადამდი გასტანს,
მკლავდაყრდნობილი არსებობა ამ მაგიდასთან,
როცა შენს გარდა ვიღაც არის ცარიელ სახლში.

თავისი დრო აქვს გასავლელი ნოემბრის ორსაც,
ვერ ააჩქარებ, ბაღებიდან ვერ გააძევებ,
ატირდა ბავშვი, ექავება კბილი სარძევე
და ბურუსს, ყდიდან ამოგლეჯილ ქალაქის ფორზაცს,
ჩვენი თვალები, ჩვენი სუნთქვა, ხმები არწევენ.

ისიც წავიდა, არსებობა გაცვალა დახლში,
შენ კი გახარებს, სიკეთე რომ არ დაგიფასდა,
სიცოცხლეს შენსას იხანგრძლივებ ამ მაგიდასთან,
სადაც სიტყვები ჰაერსაც კი გულივით უცემს,
ვის მოუყვები? ვეღარავის, არავინ არსად,
დაორთქლილ მინას აღმოაჩენ – ერთადერთ ფურცელს

და იქ მიაწერ განწირული დღეების კარნახს,
მაგრამ ნაწერი გადღაბნილი იქცევა ორთქლად,
ისევ ჩაგესმის შვილებმოკლულ დედების მოთქმა,
ის კი თავს იქცევს ფასადების მოპიკეთებით
და მოედანზე შეგროვილ ხალხს ემატებიან
ხეები, როგორც ხანდაზმული მოპიკეტენი

და ნოემბერში შემორჩენილ ფოთლებს გზავნიან,
უმისამართო, წაუკითხავ დროის ბარათებს,
მაგრამ ესენი, კითხულობენ მხოლოდ არაფერს,
მათი უაზრო თვალებიდან და არაფრიდან
აიზლაზნება ყორანივით ფრთები წყვდიადის,
ქალაქის თვალწინ მადათოვზე რომ გადაფრინდა.

მაშინაც ასე. და გაღწევას ნატრობ კედლიდან
და ამ ოთახში, ვინც არსებობს, თითქოს მალულად,
როცა დაეძებ, თვალის ჭრილებს ისე მოლულავ,
როგორც ჭრილობებს, აღმოაჩენ მერე უმალვე,
რომ მოგატყუეს, გაგაბრიყვეს და მისამართი
სხვებსაც შენსავით წაართვეს და გადაუმალეს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი