ალილო. 1955


მოგენატრება ჩაიძირო ხსოვნის კალთაში,
რათა იმ ღამემ, იქნებ თავი ჩაგამალვინოს
დროში, კარდაკარ დაჰყვებოდი როცა ალილოს
და ზამთრის სუნთქვით შეჭირხლული ხეთა რტოები
სიზმრის ფრაგმენტებს გახსენებდნენ და მიდიოდი
ცრემლიან პურით და დუმილით ნასაზრდოები.

ძველი პალატა და დიდედა თვალაპყრობილი
იქითკენ, სადაც რიდის გამო არ იყურები
და ოკეანედ ქცეულ წუთში გარიყულები,
რომლებმაც შენი ჩიჩილაკის მორთვა ითავეს,
არავინ იცის სად და როდის დაბრუნდებიან,
მეხსიერების რომელ წუთში ამოყვინთავენ.

შენ აგროვებდი ჩავლილ დღეებს და ინახავდი
იაფფასინ კანფეტების ფერად ქაღალდებს,
ასწიეთ ჭერი, შეუძახებ, ჭერი ახადეთ,
ხოლო ისინი სიტყვას ვეღარ ამოღერღავენ,
სადღაც კი შეშა იხერხება ღიღინ-ღიღინით
და დრო, რომელიც ეხმარება დროის მხერხავებს.

შინ დაბრუნდები. დაგმანულ კარს ვიდრე შეაღებ
სახლში, რომელიც შენშია და სხვაგან აღარსად
და მხოლოდ შენში იმალება და დღეს ახალსაც,
თანდათანობით რომ გამსჭვალავს სუნთქვა არქივის,
გაგახსენდება ფანჯარასთან გოგოს დალალი,
როგორ მოჩანდა საშობაო ჩიჩილაკივით.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი