სახლობანა


გ. ო_ს

...მერამდენედ, იძულებით ადგილნაცვალი
იძულებით ვიცვლი ადგილს და თავშესაფარს, 
იქნებ, შენზე ფიქრით გავათბო უცხო კედლები, 
თვალი შევავლო და გავაცოცხლო 
და სუნთქვის სივრცე მო-შინ-აურდეს.

მწვრთნის ტკივილი...
რა ვიღონო? 
სიყვარულისგან თავს ვინ დაიხსნის
და მე მიყვარს ჩემი ფუძე,
ჩემთან ერთად რომ მოძრაობს
სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის, 
ვკარგავ თავს და 
თვალში ეკლიან ვარსკვლავს ვპოულობ. 

ვიღაც ფანჯრებს ცვლის 
თუ ხედებს ცვლის 
და სახლობანას გვეთამაშება _
სახლიდან სახლში გვაწანწალებს,
სიცოცხლეს გვიცვლის, გულსაც გვიცვლის,
გზიდან გზაზე მიგვერეკება 
და მე ვნატრობ:
ხომ შეიძლება ლოკოკინად გავჩენილიყავ 
და სახლიანად მევლო ჩემს გზაზე, 
ის იქნებოდა ჩემი შინ და
შინ და გარეთ ვიზოზინებდით...

სხვაგან ვეღარ, 
ჩემს თავში თუ შევიმალები
როცა მზერას ქუთუთოებს ჩამოვაფარებ
და მე ჩემგან ვეღარავინ გამომასახლებს. 

*

კი არ თოვს, მათი ფერფლი მოცვივა,
ვინც მოინატრა აქ დაბრუნება,
ახლა ეს თოვა ჩუმი ლოცვაა,
ფანტელებით რომ ამბობს ბუნება. 

ისე მოსწყურდათ აქაურობა 
და აქაურთა თვალის შევლება,
ამ მონატრების და გაორების
და ამ სიმუნჯის წამოცრემლება,, 

რომ მათი ნატვრის ენა თოვლია 
და ეფინება ფანტელს ფანტელი
ასე ქათქათა, ასე მოვლილი,
წუთით არსებულ სოფლის მნატვრელი...

ორ სოფელს შორის ჟამი მიმოდის,
დღეს ღამე მოსდევს, ტირილს, გალობა 
და ეს კავშირი არის იმედი 
და წასვლა-მოსვლის გარდუვალობა.

1.გეში

მოდით, მარტის ფეხშიშველა დღეებო,
გამოექეცით მაწანწალა ქარს, 
მოდით, ღამე ერთად ვათიოთ, 
გავიყვანოთ ერთმანეთი ბოლო ჟამივით,
ჩვენი სუნთქვით დაორთქლილ მინებს 
შევეზარდოთ ნათრევი მზერით, 
წავუყრუოთ კატების შლიგინს
და კნავილით დაკაწრულ ნერვებს;

მოდით, ერთმანეთს გავაძლებინოთ,
დავტოვოთ ჩვენი ანაბეჭდები ერთმანეთში, 
უმიზეზოდ ვიარსებოთ 
და თვალი ჩუმად გავაპაროთ იმ ფანჯრისაკენ, 
საიდანაც აღარ ვჩანვართ
და ჩვენს კვალზე დადის ბალახი... 

გული ლამის გამელიოს,
როგორც ორი ფანჯარა მზის ჩასვლისას,
ისე ვირეკლავთ ერთიმეორეს 
და ერთმანეთში ვიგულისხმებით 
და ჩაგვესმის, 
როგორ აიდგა ფეხი ბალახმა
და სადღაც ყურთან ჩაიარა, 
მისი სუნი მოსწვდა ნესტოებს
და შუბლის ძარღვი შეატოკა,
შეათამაშა... 

მიბმული ვარ გულისცემაზე 
და თავს ვკარგავ 
მხოლოდ სულის მოსაბრუნებლად.

2.მეორე კადრი

ამათ შეხედეთ,
თავი იმდენად აიმაღლეს
რამდენადაც სხვები მიჩქმალეს.

მე ამათი... გულგრილობა არასოდეს გამიკვირდება,
არსებობს მათი ჯგუფური ფოტო, 
რა თქმა უნდა, მე იქ არ ვჩანვარ, 
რადგან ჩარჩო ვარ 
და ჩარჩო კედელს, 
კედელი კი გულგრილობას, 
ხოლო ჩარჩოს ყველა ერთად ისე ჰკიდია, 
რომ მნემოსინეც ვერ იხსენებს ამათ სახელებს. 

მოემზადეთ! 
ვიღებ! ჩიტი გამოფრინდება..
ფოტო-სესიაც კიჩად იქცა სიბრძნის დარგივით... 
ისტორიულ წამს გააქვავებს ობიექტივი
და მორიგ უკვდავს ჩაიხუტებს ფოტო-არქივი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი