გივი ალხაზიშვილი - ფოტო

გივი ალხაზიშვილი

პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი

აპოკრიფული ვარიაცია

მაშინდელი გრძელდება აწმყო…
ცა გადაივლის,
ეს ქედებიც გადაივლიან,
თავის მეგზური გაუჩნდება მთების ქარავანს..
მე კი წავედი
და აქ ჩემი ლანდი დავტოვე,
მე სხვის სიზმარში გამეღვიძა და აქ არავარ.
ცა გადაივლის,
მერამდენედ გადაიარა?!
მოვლენ მკვდრები და იტირებენ,
რომ ეს ქვეყანა უნუგეშოდ გადაირია;
წამოიწყებენ ახალ ცხოვრებას,
შეუდგებიან კვდომას ხელახლა
და იმავე სისხლს გააღვიძებენ
უთვალვჯერ რომ ბალახს შეახმა.
სამხრეთისაკენ წადი, იარე
და უდაბნოში შენი იარა
გაჩვენებს მირაჟს ათასფეროვანს,
და რასაც შენ გრძნობ მხოლოდ სიღრმეა
და შენი სულის სტრატოსფეროა.
..აი, ეს ბავშვი, კუბიკებით
ანბანს რომ აწყობს,
დაშლის და აწყობს, _
ის მეორდება
ქვიშაზე რომ წერდა და შლიდა
და მაშინდელი გრძელდება აწმყო….
თვალზე ვიფარებ ხელისგულებს და ვიმალები,
თურმე იმიტომ,
რომ გამოვჩნდე უფრო მკაფიოდ
და სინათლიდან გამოვადნო ასო-ნიშნები,
გულისცემას რომ ინახავენ
და გამოსცემენ
და ვიღაცების თვალწინ
მარცვალ-მარცვალ ვიშლები.
ვეღარ ვპოულობ თავმისადრეკს
და ცას ავხედავ,
ხან ფრინველი ვარ
მზერის ფრთებით გადაფრენილი,
აბა, რა ვიცი, მერამდენე საუკუნეა,
გზააბნეული ვეხეტები აჰასფერივით,
გზა არ მთავრდება, ნაბიჯებიც ვერ გამოვლიე
და არც იწყება და მთავრდება აღარაფერი…