გივი ალხაზიშვილი - ფოტო

გივი ალხაზიშვილი

პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი

0 423

არავინ იცის საიდან მოდის..


მეუთვალავე ანაბეჭდი ვარ 
იმ უცნობის, 
აგვისტოს ნათელს რომ შეემატა. 
. . . . . . 
ჩვენ ერთმანეთში და ერთმანეთით
ვაჩენთY ცეცხლს და შუქს ვასხივებთ,
არა მხოლოდ თვალებიდან, 
არამედ სულის სიტყვებიდან, 
წამღერებით როცა ვამბობთ ან გაფიქრებით,
როცა სიტყვებს გული ამოაქვთ
და სუყველას ვუნაწილებთ,
იმათაც კი, რომ არ ჩანან, 
ყურნი ასხიათ და ისმენენ სულგანაბული.
შენ გაიხსენებ, ვინც დუმილის ბადით შებოჭეს,
სიმუნჯით ენა რომ გაუნასკვეს 
და იცდიან, ვიდრე მკვდრები გაიღვიძებენ...
ჩვენ გვაცოცხლებს ერთმანეთის წონასწორობა,
ეს ჰაერიც აღსავსეა ჩვენი სიცოცხლის ნამცეცებით _
დუმილში ვთესავთ და ერთმანეთში 
და ხმაურს ვიმკით...
ის ხომ არავის განიკითხავს,
არის თავისთვის, შენთვის, სხვებისთვის, 
მათთვის, ვინც ცდილობს შეინარჩუნოს წონასწორობა
და რიტმს ფეხი ააყოლოს, ანდა პირიქით, 
რადგან არ იცი პირველ ნაბიჯს რითი გადადგამ 
ინვალიდის ეტლის ბორბლით, ჩახლეჩილ ხმით _
ომის ექოს რომ ინახავს,
თუ ალალბედზე გაქცეულ მზერით-
ხის კენწეროზე ყვავის ფრიალს რომ აედევნა?!
მე შემეშინდა, 
ყმაწვილი რომ 
თვალწინ დაბერდა, 
მერე კი სახე იცვალა და ყრმად გადაიქცა.
აი, ჟამი, ფერს რომ იცვლის,
ერთხელ ჩვენც რომ შეგვიფარებს 
და ჩვენს გულში ცა გაიხსნება...
აი, დროის მონაცვლეობა მყისიერად გაცხადებული, 
რაც იყო და ისევ იქნება. 
მას ვერ იხილავს თვალის სინათლე, 
ის უხილავი სულია და ყოველივეს აღემატება.
ის უხილივი სულია და რად ეკითხები: 
_ საით მიდიხარ სივრცის შთამნთქმელო?!
ქარი ქრის, სადაც მოისურვებს; 
მისი ხმა გესმის, 
მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და საით მიდის...A
არავინ იცის საიდან მოდის და საით მიდის...
მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი...
კომენტარები (0)