გივი ალხაზიშვილი - ფოტო

გივი ალხაზიშვილი

პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი

0 90

დეპეშა


მეგობარ პოეტს


ცვივა ნაფოტები,
ჩვენი ნაფოტები...
თუმცა აღარ ვართ, თითქმის აღარ ვართ,
აღარ დავრჩით.

მხოლოდ სიკვდილი თუ მოგვძებნის...

ჩვენ აღარ ვართ. იმ სიტყვებში ვიგულისხმებით,
გულგრილობა რომ მსჭვალავს არცოდნის უდარდელობით,
რადგან ცოდნა წუხილს ამრავლებს.

გვჭრიან და გვცვივა ნაფოტები.

უნდა შევგროვდეთ,
დავენახოთ, რომ აღარ ვართ,
რომ ცარიელ თვალების ფსკერზე
ჩაფერფლილა ჩვენი დღეები,
რომ არ გასულან, მაგრამ უკვე აღარ არიან.
აღარ.. აღარ... თითქმის აღარ ვართ..

გვჭრიან და გვცვივა ნაფოტები.

შეხედე,
ისე გაზრდილა ჩვენი მწუხარება,
რომ ერთმანეთს ვეღარც კი ვამჩნევთ.

გვაყურადებენ...
რა წამოგვცდება,
როცა ბაგეს გახსნის ჭრილობა
და ტკივილი ილაპარაკებს.
კომენტარები (0)