გივი ალხაზიშვილი - ფოტო

გივი ალხაზიშვილი

პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი

0 465

...ხანდახან ნაბიჯის გადადგმა ძნელია


ხანდახან ნაბიჯის გადადგმა ძნელია,
მაშინაც, როდესაც ზიხარ და არ იძვრი
და ფიქრით მიიწევ წვიმიან ბაღებში
და ქარში. ქარ-წვიმა და ისევ ქარი ცრის
ყოფილი დღეების, მრავალჯერ ჩავლილის
ნავლია, თვალებში გვეყრება ირიბად
და ტოლერანტობა ნულოვან ღიმილით,
ნულოვან-ნალოვან-განიველირება.
მე შენთვის სიმღერა რომ წავიღიღინე
გამტაცა ქარმა და დაშალა ტაქტებად,
მოძრავი ბაღია ამ ქარის ნაკვთები
და ფიქრი, რომელიც სიტყვაში ჩაკვდება.
ნაბიჯი… ნაბიჯი… ყოველთვის ძნელია,
მეტადრე როდესაც გადადგამ არსაით..
აქ მარტო ორნი ვართ და შინ ფეხაკრეფით
საღამო შემოდის შვილმოკლულ დასავით.
კომენტარები (0)