გახსოვდეს თიხა!


შევსვამ ამ სასმისს,
რომ ძველი ღვინით აჩქროლდეს სისხლი
და მერე შენთვის წავიღიღინო
მათი სიმღერა, ვინც თიხად იქცა…
.. უსმინე, ღვინის ჩამოსხმისას _
ხმას როგორ იცვლის და მღერის დოქი;
ბოლო ბგერა ფესვამდე ჩამწვდა.
..მკვდრეთით აღმდგართა ვსვამთ საგალობელს..
ახლა რომ ისმის ფრაგმენტებად და ვსვამთ კიდევაც
და ვგრძნობ საღამოს ლურჯფეროვან გახავერდებას
და ქვეყანაზე მთვარის დარდის გადმოკიდებას.
..მომენატრება, მოფერებისას
ხელისგულის ქვეშ რომ იბურცები..
გადამაფარე შენი მზერის თბილი ქსოვილი…
მოიზილება ჩვენგანაც თიხა,
თიხისგან _ დოქი,
მრავლისგან _ ერთი,
ხოლო იმ ერთში მრავალთა ძილი.
…მხოლოდ შენი გამოღვიძება…
და გულისცემას აყოლილი სიცოცხლის ჩქამი
და პაუზების ამოქოლვა ცვალებად ტემბრით..
დოქი ხმას იცვლის…
გახსოვდეს თიხა!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი