გივი ალხაზიშვილი - ფოტო

გივი ალხაზიშვილი

პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი

0 122

პურის სუნი


***
სიცოცხლის შენის დარაჯს უერთგულესს
და მიწის ბორცვზე ფუსფუსს ხოჭოების _
დააკვირდები, როგორ გაჰყავთ დრო,
თითქოს რომ არის.

შენ ზურგს შეაქცევ მშიშარა ფიქრს,
მოჩვენებითად სიბილურ გუმანს
და მთებს გახედავ, ისევ რომ სდუმან,
რადგან სიმაღლით ყველაფერი თქვეს.

გაგეღიმება, რომ ბავშვობას იზოგავ დღემდე,
რახმანინოვის მეორე კონცერტს რომ უსმენ ახლაც..
შენ იქით გინდა, სადაც მუსიკა იბადება,
როცა ყოველი შესრულებისას ივსები ფრთებით
და გეშინია, რომ გაფრინდე
და შენს ბუდეს გადაუფრინო,
საითაც თვალიც არ გაგექცევა.

***
:) პაუზა და მერე ნაბიჯი, ნაბიჯი, რიტმის მოდინება
და გამჭვირვალებით შეკრთება ოთახში ყოველი საგანი
და რაღაც ღრმავდება, ღრმავდება ჭასავით
შენში და სიტყვაში და წუთსაც ირეკლავს,
რომელიც ხან მოჩანს და ხან იმალება
ბგერიდან ბგერამდე და ზოგჯერ პაუზა
ჩვენც გვაუჩინარებს და ვიგულისხმებით
იმ ბზარში, რომელიც ჟამმა ამოქოლა,
წიგნი გადაფურცლა, მერე სანიშნებლად
სხივი ჩააფინა და სხვათა ქოქოლას
ყური არ ათხოვა.


გადავრჩი, გადავრჩი... თვალებით ნათქვამი
და შენი პორტრეტი ხსოვნაში გადარჩა,
ხანდახან ცხოვრებას ვაგრძელებ ღადარში,
ვიწვი და ვცოცხლდები და ბოლი არა ჩანს,
ისე შეუმჩნევლად გავდივარ ფანჯრიდან,
ჩემგან და შენგანაც და ყოველივედან
და ბავშვი, დღესავით რომ წამოიჩიტა,
შემომრჩა ხილულ და ერთადერთ იმედად.


***
სიჩუმეს შენი გული უცემს და ისიც გისმენს,
ბავშვობიდან ასე გრძელდება,
ვიღაცას უცდი, შორი_ახლოს რომ გეგულება,
ვიღაც ხმას გაწვდენს საიქიოდან
და შენ ქვავდები და ქვასაც შენი გული უცემს _
შენ რომ მოგესმა და სხვას არავის,
სიტყვასაც შენი გული უცემს
და მიუყვები ღამის ხნულს და იმავეს თესავ,
რასაც მრავალი წელია იმკი.


მომენატრები, მაშინაც კი, როცა აქვე ხარ
და მეშინია რომ გაფრინდე სადმე ჩიტივით,
მომენატრება შენი ხელის მჩატე შეხება
და შიშის შიში და ეს ფიქრი შიშის ჩითილი
თვალებში აჩენს უფერულ ფოთლებს...
და ქვასაც შენი გული უცემს ...


***
დილას აღვიძებს პურის სუნი,
სიცოცხლის სუნი
და ხსოვნა წვდება ყველა მომკელს
და კალოობა ბრუნავს სისხლში
და ეს დილა, ჩამომხდარი დროის კევრიდან,
კურდღელაურის ყანებისკენ თვალს გააპარებს.

დედულეთის მონატრება მავსებს და მცდის _
მეხსიერება თუ კიდევ შემრჩა
და პურის ნატეხს ვაწებ ღვინოში.

გამზეურებულ სათიბებიდან ბრუნდება პაპა,
ხოლო ბებია გაფუებულ ცომს დასტრიალებს.

ის დარჩა ძმებზე მოტირალი,
მდუღარე ცრემლით ორთავ თვალის ამომკალავი,
დგას მისი ლანდი ჩემში, როგორც დარდის კარავი.

ეს არ არის ფოტო_ასლი,
ორიგინალში მეც იქ ვიყავ, მაგრამ არ ვჩანვარ,
რადგან ისინი ჩარჩნენ ჩემში
და სურათი არის ჩემში და მე ჩარჩო ვარ.

დილას აღვიძებს პურის სუნი,
არსობის სუნი...
კომენტარები (0)