ეს დღე სად გაქრა?!


გეფიცები წითელ გეორგინებს, ხავერდის ვარდებს
და საფლავზე ანწლის სილაღეს,
ყველაფერს, რაც კი ბავშვობიდან არის ჩემში,
როგორც დახურულ გალერეაში
და დროდადრო სიტყვებში ჩნდება
საურმე გზა და პურის ყანა, სადაც მზე ჩადის.....

გეფიცები ბებერ ყორეს,
ზოგჯერ აუხსნელ ხმებს რომ გამოსცემს,
ხავსიც სიცოცხლის ნიშანია
და ქვები სათქმელს ამბობენ ხავსით...

გეფიცები ბებერ ყორანს,
ახლა რომ თავზე გადამიფრინა
და საღამო შემოჰყვა ფრთებით,
ალბათ, ხედავდა პაპაჩემიც
ასი წლის წინათ.

გეფიცები აბლაბუდას, სხივებით ნაქსოვს,
თვალწინ რომ ბრწყინავს
და იმ წყაროს, რომ დაიკარგა,
მაგრამ ხსოვნაში მაინც დარჩა
და ვეწაფები ხსოვნის წყაროს
და წყურვილს ვიკლავ....

გეფიცები ქვევრის დუმილს,
პაპაჩემი რომ ხსნიდა სარქველს,
მერე აყალოს ხელს შეავლებდა
და ძლივს ვარჩევდი ერთმანეთისგან
ხელს და აყალოს.

გეფიცები ხილვის ფრაგმენტს,
როცა გამჭოლად დავინახე ღვინის ლივლივი
ყველა ქვევრსა და ყველა ჭურში,
მიწის ღამეში და დავრჩი სახტად.

თვალს გავაპარებ,
გავხედავ საყდარს,
დაუჯერებელ სინამდვილეს, ცხადში რომ ახდა.

ვერ დავიფიცებ პურს,
მე კი არა,
პური და ღვინო ცოცხლობს ჩემში
და მაარსებებს,
ახლა რომ მესმის
ის სიტყვები ფრთებით მავსებენ.

გეფიცები,
ღამეებმა ისე გამტეხეს...
მე კი მეგონა ღამეებს ვტეხდი.

გეფიცები, ვერ გავიგე, ეს დღე სად გაქრა...

აღარ მასვენებს მივიწყებულ შაირის სული:
ცხრა ქალამანი გავცვითე, ცხრა გზა, ცხრა ხერხი ვცადეო,
“ვდიე და ვერ დავეწიე, დავჯე და დავუცადეო”.


20. 9.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი