ორი სურათი ფოტოს გადაღებამდე


1.გეში
მოდით, მარტის ფეხშიშველა დღეებო,
გამოექეცით მაწანწალა ქარს, 
მოდით, ღამე ერთად ვათიოთ, 
გავიყვანოთ ერთმანეთი ბოლო ჟამივით,
ჩვენი სუნთქვით დაორთქლილ მინებს 
შევეზარდოთ ნათრევი მზერით, 
წავუყრუოთ კატების შლიგინს
და კნავილით დაკაწრულ ნერვებს;
მოდით, ერთმანეთს გავაძლებინოთ,
დავტოვოთ ჩვენი ანაბეჭდები ერთმანეთში, 
უმიზეზოდ ვიარსებოთ 
და თვალი ჩუმად გავაპაროთ იმ ფანჯრისაკენ, 
საიდანაც აღარ ვჩანვართ
და ჩვენს კვალზე დადის ბალახი...
გული ლამის გამელიოს,
როგორც ორი ფანჯარა მზის ჩასვლისას,
ისე ვირეკლავთ ერთიმეორეს 
და ერთმანეთში ვიგულისხმებით 
და ჩაგვესმის, 
როგორ აიდგა ფეხი ბალახმა
და სადღაც ყურთან ჩაიარა, 
მისი სუნი მოსწვდა ნესტოებს
და შუბლის ძარღვი შეატოკა,
შეათამაშა...
მიბმული ვარ გულისცემაზე 
და თავს ვკარგავ 
მხოლოდ სულის მოსაბრუნებლად.
2.მეორე კადრი
ამათ შეხედეთ,
თავი იმდენად აიმაღლეს
რამდენადაც სხვები მიჩქმალეს.
მე ამათი... გულგრილობა არასოდეს გამიკვირდება,
არსებობს მათი ჯგუფური ფოტო, 
რა თქმა უნდა, მე იქ არ ვჩანვარ, 
რადგან ჩარჩო ვარ 
და ჩარჩო კედელს, 
კედელი კი გულგრილობას, 
ხოლო ჩარჩოს ყველა ერთად ისე ჰკიდია, 
რომ მნემოსინეც ვერ იხსენებს ამათ სახელებს.
მოემზადეთ! 
ვიღებ! ჩიტი გამოფრინდება..
ფოტო-სესიაც კიჩად იქცა სიბრძნის დარგივით... 
ისტორიულ წამს გააქვავებს ობიექტივი
და მორიგ უკვდავს ჩაიხუტებს ფოტო-არქივი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი