ზღვართან…


ჩვენ ვეღარავის დავივიწყებთ, 
დრომ დაგვივიწყა 
და აღარ გვყოფნის აღარავის დასავიწყებლად
აწმყო, რომელიც თითქოს გვქონდა, 
თითქმის არა გვაქვს
და უდროობის ბუნდოვანი ჟამი იწყება,
როდესაც ხსოვნა უბრუნდება ნაცნობ ადგილებს
და ჩვენზე ისევ საუბრობენ ძველი საგნები
და გადავფურცლავთ ჩვენივე თავს და მერამდენე 
შემოდგომაა ამ ქალაქში, რომ გზის გაგნება
ვერავინ შეძლო 
და უაზროდ დაფუსფუსებენ
ფიქრიდან ფიქრში და ფოთლები მიმოფანტული
ეძებენ თვალებს 
და მოხუცი წყვილი თავს იქცევს
თხრობით
და თხრობა გულღია და ინფანტილური –
გაბზარულ ტემბრში გადამალავს არეულ რიტმებს, 
თვალის სიღრმეში ჩაბჟუტავს ღიმილს
და ატკივებულ სიცოცხლეს ითმენს...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი