დღის ფრაგმენტი


გადავიკითხავ ყვითელ ფურცელს,
ნოემბრის დილამ რომ მომწერა,
არ ვიცი სადამდე მიმაცილებს,
ვისთვის მერამდენე ფოთოლცვენა.

წავიღიღინებ, რადგან სიტყვა
მიქრება და გულს არც მედება,
თვითონ მპოულობს უნებლიე,
ქარაფშუტული აცეტება.

დღეთა დინება რა მშვიდია,
რა გადამდებია მაჟორი,
მე, ახლა, შენთან სიახლოვე,
რაღაც დაუვიწყარს მაშორებს.

ჰაერი გაჟღენთილა კომშის სუნით,
არ ვიცი, შენ თუ გეკომშება,
რა გულუბრყვილოდ მიხარია,
და გული მაინც მეკუმშება:

შემომეფანტა ძმაკაცები,
ჩვენ ერთად მხოლოდ წარსულში ვართ,
ან სიზმარად, სხვაგან აღარავართ...
გამოგველია ერთმანეთი,
შეგვრჩა ცხოვრება ფარღალალა...
ისმის გარაჟიდან არეული
ჰარი-ჰარალე და არხალალა...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი