გივი ალხაზიშვილი - ფოტო

გივი ალხაზიშვილი

პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი

0 139

ქარის ხსოვნა


…ხოლო ის, თავის არსებობა რომ შემახსენოს,
გამიმეორებს: _ აქ აღარავარ…
რა უნდოდა?!
ღამეც არ ჰყოფნის დასამალავად,
დღე საარსებოდ.
ხსოვნაა მისი აქ ყოფნის მოწმე,
არ გამოდგება რადგან ხსოვნა ყოფნის ალიბად,
თურმე აქ იყო და ვერ ვიხსენებ,
ვერც ის მიხსენებს და მებრალება, _
მივიწყებასა და ხსოვნას შორის
ჩარჩენილ დროში რომ მიმაცილებს
ადგილნაცვალი ორიენტირი?!
შენ ეძებ სიტყვას პირვანდელ ნიშნით
და არა ლამაზ ორნამენტივით.
სტუმარად ხარ შინ და
იქსოვ სიჩუმეს,
დროის სიმდორეს გულში იგუბებ
და წასასვლელად ყოველთვის მზად ხარ
და აბრეშუმის ჭიასავით შენი ფუსფუსი
სულ ფურცელ_ფურცელ ააშრიალებს
სიბნელეს, სადაც კრთება ფოსფორი _
როგორც საფლავზე ხსოვნის ნიშანი.
ფანჯრის რაფაზე შიშველმკლავებჩამოყრდნობილი
ფიქრობ, რომ დედის კალთას გაგონებს,
ეს ხელისგული, სადაც თავს ჩარგავ
და თვლემის ფრთებქვეშ იკრებ სამყაროს,
სადაც გამჭოლად ხედავ სიზმარ_ცხადს
და ბროლის ჭრილში იჩეკება ფარშავანგები.
ეს ერთადერთი სურათია ამ ყოფასთან რომ გაკავშირებს _
დედა, ოდნავ მოხრილ თითებით
როგორ გიწვდიდა ჰაერის ყვავილს.
შენი სტუმრობით დაიღალნენ შინ და გარეთაც…
აკრეფილია აკად_ნუსხურში
შენი ტექსტი აპოკრიფული
და როცა წახვალ ფეხაკრეფით
შენს აკრეფილ ნაბიჯებსაც დაიხსომებენ
ძველი ქარები, კაფეები და კულისები…
ქარი სულია, არავინ იცის, საიდან მოდის ან საით მიდის
და ქარის ხსოვნა შეგიფარებს უკუნისამდე.
კომენტარები (0)