გივი ალხაზიშვილი - ფოტო

გივი ალხაზიშვილი

პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი

ბალახის ნაბიჯები

/მაისის ეპისტოლე/

***
შენ უნდა გქონდეს ბალახის სიჯიუტე,
ხედავ, რამდენი საუკუნეა
თიბავენ და მაინც ამოდის.
 1970 წ.

***
რიკ_ტაფელას და ლახტის ბიჭო,
შვილიშვილები არ დაგეკარგოს
ვირტუალურ ლაბირინთებში!...

ეს საუკუნე შენთვის იმ ხნის გაგრძელბაა,
როცა ოდესღაც მოხველ ამ ქვეყნად,
მაგრამ ის დრო, აღარ მთავრდება.

აერთიანებ მოსვლა_წასვლის ორ საუკუნეს,
ხიდივით ცხოვრობ,
ეძებ სიტყვას ოქროს კვეთივით,
ღვთის კრავივით რომ უცოდველია,
უმიზეზოა და ზნეკეთილი.

ხედავ და მზერით გულში იკრავ ძველ პეიზაჟებს,
ძველ მეგობრებს და სულ ახლებსაც,
ისინი მუდამ სხვადასხვა დროში გეგულებოდა,
მაგრამ შენში ერთდროულად როგორ არიან?!

თვალმა იცის სუროსავით ჩახუტება და კენწერომდე აცოცება,
სულში ჩაძრომა...
დახუჭე თვალი, მეტადრე ახლა,
როცა სამივე შვილიშვილი სამ ხმაში მღერის
და საგრძნობია გასავლელ გზის პირობითობა.

ყველაფერი სათუოა,
რაც საათივით მექანიკურად მიუყვება იმავე წრეს,
რომ აღარ არის და სურს რომ იყოს
და თავს იქცევდეს სულ სხვანაირ იგივეობით
და არც იკითხოს არასოდეს:
ამ უძველეს სიახლეში რა გვაძლებინებს?!

ყველაფერი ხომ სათუოა,
დრო კედელზე კი არ ჰკიდია საათივით
და თავისთვის კი არ წიკწიკებს,
ის ქალაქების მოედნებზე ჩვენთვის ჩამოჰკრავს საათში ერთხელ
და ეკლესიის ზარებს ასე ეხმიანება ყოფის სიღრმიდან...

რაღა აზრი აქვს საათებზე გაბმულ საუბარს,
და ამ ბანალურ წრებრუნვაზე აპელირებას,
ისინი მუდამ იმ დროს ითვლიან,
რომელიც ქრება დათვლისთანავე,
ფერად_ფერადმა ბუშტებმა რომ ცად გადაკარგეს -
ჩვენი წარსულით გაბერილებმა.

ყველაფერი ხომ სათუოა ამ სათიბივით,
ყოველწლიურად რომ თიბავენ, რადგან ჯიუტად ისევ ამოდის;
ბალახის ჩუმი ნაბიჯები გადაუვლიან მეუთვალავედ,
ყველა მეომარს, ყველა პოეტს, ყველა მშენებელს...
მარწყვის მდელოა, მწიფე ნაყოფს რომ გამოაჩენს,
როგორც შენს კოცნას
და ეგ ტუჩები კოცნის გემოს გაიხსენებენ.