გივი ალხაზიშვილი - ფოტო

გივი ალხაზიშვილი

პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი

0 133

ნოემბრის ეპისტოლე


გარეთ კი არა,
ეს სარკმელი ჩემში იღება-
თავისთვის,
რადგან იქით ჭვრეტა ისევ მიზიდავს,
სადაც სარკეა გუბესავით და ის ირეკლავს
ჯადოსნურ ფერებს
ამომზირალს ბავშვის სიზმრიდან.

ის წიგნი იყო,
ანგელოზმა რომ გადაფურცლა
და რომ ვიხილე ღამე _ სხივით გადასერილი _
მე გავისუსე
და სიბნელით დაღლილი მზერა
ისევ ბავშვისკენ გავასეირნე.

ყოველი სიტყვა
საარსებო სივრცეს გააჩენს,
სადაც შევდივარ
და ცის შიშით ვეძებ სახურავს,
მან შემიფარა, მომეფერა, დამაბინავა,
სული შთამბერა, შემიკედლა და მემსახურა.

ეს მონატრება ჩვენი ყოფნის ნიშანწყალია,
მე ისევ აქ ვარ
და სიცოცხლის ხმები მავსებენ,
მადლობელი ვარ, რომ მისმენ ხოლმე
და სიტყვებს შორის რომ მაარსებებ.
კომენტარები (0)